|
2016-06-03 18:04:29, 639 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა პრეზიდენტის შენიშვნები ერთხმად (84 ხმით არც ერთის წინააღმდეგ) გაიზიარეს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა წარუდგინა. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადების შემდეგ დადგა. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მომხსენებლის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნასთან თანხვედრაშია და იგი კანონპროექტის სამ ძირითად მიმართულებას ეხება. ირინე იმერლიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნულ ნორმებზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს კონსტიტუციასთან მათ თანხვედრაზე გაამახვილა. შენიშვნები ზოგად და გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელ ქვორუმს, მოსამართლეთათვის ათწლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებას და პლენუმისთვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას შეეხება. პრეზიდენტმა პარლამენტს შენიშვნების სახით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის შემცირება შესთავაზა, თუმცა გარკვეულ “სპეციფიურ და მნიშვნელოვან“ საკითხებზე კვლავ 2/3-იან კვორუმს ტოვებს ძალაში. პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სრული შემადგენლობის 2/3-იანი კვორუმის დაწესება მართებულად მიაჩნია მხოლოდ ისეთ “სპეციფიკურ და მნიშვნელოვან“ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმუნიტეტის, არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის, იმპიჩმენტისა და საქართველოს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული შეთავაზება იმ სადავო ნორმის გაუქმებას არ ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კოლეგიის ერთი წევრი უფლებამოსილი ხდება პლენუმს ერთპიროვნულად მიმართოს და ნორმა შესაჩერებლად კოლეგიიდან პლენუმს გადასცეს. ამასთან, დაკავშირებით პრეზიდენტი მხოლოდ პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის დაწევის წინადადებით გამოდიოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა პარლამენტს იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება. პრეზიდენტის მიერ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომათა დარბაზში სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა. საბოლოოდ, ის სამი საკითხი, რომელიც პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში გამოიყო, პარლამენტის მიერ ერთხმად მხარდაჭერილია.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)