13:51 - 26 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 21:34:45, 305 ნახვა

პოლიტიკა
„კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება“ - ემანუელ მაკრონი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება,- ამის შესახებ ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

როგორც მაკრონი ვიდეომიმართვაში აცხადებს, „საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი - ამისთვის კი, ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ“.

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს, მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ეს გზავნილი ამ მოკლე ვიდეოს მეშვეობით გადმომეცა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს. ევროპული გზის ეს არჩევანი თქვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა, ევროპულ ოჯახთან შეერთების ეს არჩევანი არის ის, რაც დღეს მშვიდობიანად გამოხატულია თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ათეულ ქალაქშიც.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპულმა საბჭომ დადებითი პასუხი გასცა ამ მისწრაფებას. ეს არჩევანი გულისხმობს გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებას დროთა განმავლობაში. გზა დასახულია, საქართველოს ახლა შეუძლია, ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას დაელოდოს და რატომ?

ვუბრუნდები იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ევროპული არჩევანი. ევროკავშირი არ ავალდებულებს; ევროპა სთავაზობს, თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის; ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას; ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას; ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციას, ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით; ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას; ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია; ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი; ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ საქართველოსას; ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში; ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან; ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ; დიახ, ევროპა ეს არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა; ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი, ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ.

და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ; თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ; თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ.

მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც, დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს, დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას. გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას და გაუმარჯოს ევროპას!“ - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ">ვიდეომიმართვაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
„გახარია საქართველოსთვის“ - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და „აგარის ქარხნის“ თანამშრომლებს
ფინეთსა და ესტონეთს შორის ზღვაში კაბელი გაწყდა, ეჭვი რუსულ დივერსიაზეა
პაპუაშვილი - პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics