|
2017-07-01 00:10:02, 2472 ნახვა
სამართალი
მართვის მოწმობას დღეიდან 100 ქულა მიენიჭება - რა უნდა იცოდეთ ახალი სისტემის შესახებ
დღეიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები ამოქმედდა, რომელიც მართვის მოწმობისათვის ქულათა მინიჭებას, უკონტაქტო პატრულირებას, ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა სიახლეებს გულისხმობს. უკონტაქტო პატრულირება 2017 წლის 1 ივლისიდან პოლიციას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეძლევა უფლება თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში; მოპოვებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს. უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ფულადი ჯარიმა იწერება. 2017 წლის 1 ივლისს თქვენს მართვის მოწმობას ენიჭება 100 ქულა, რომელიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე; 2018 წლიდან, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა, რომელიც მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ძალაში იქნება. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას; კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობის 0-მდე შემცირება იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით; მართვის უფლების ვადამდე აღდგენა შესაძლებელია, თუ პირი წარმატებით ჩააბარებს მართვის უფლების მისაღებ გამოცდას. მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კალენდარული წლის განმავლობაში პირი დაიშვება მხოლოდ ერთხელ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ გააფრთხილებს იმ პირს, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 50 ქულამდე, შემდეგში კი - 20 ქულამდე შემცირდება, თუ იგი ფლობს ამ პირის შესახებ შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას; დააკვირდით ჯარიმის ქვითარს, სადაც, ფულადი ჯარიმის ოდენობასთან ერთად, მითითებული იქნება სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული ქულა და მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულების ოდენობა. მძღოლს, სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის დარიცხვასთან ერთად, მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის შესაბამისად დააკლდება ქულა. ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება უჩერდება, ხოლო მართვის უფლება ვადამდე აღუდგება გამოცდის ჩაბარების შემდეგ ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, პირს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების ან 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდის საშუალება ეძლევა სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ; მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის 16 წლამდე პირის მიერ კალთაში ჩასმით გადაყვანის შემთხვევაში სავალდებულოა უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. ასევე დაუშვებელია ერთი მგზავრის მიერ კალთაში ერთზე მეტი ბავშვის ჩასმა; შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა ჯარიმა - 200 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა მიხედვით ქულათა შემცირების სისტემა ასეთია: სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის - 30 ქულა; ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება დადგენილი წესით, მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა – 15 ქულა; ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 5 ქულა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – 15 ქულა; მოტოციკლით ან მოპედით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – 5 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა – 5 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული – 10 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას – 10 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, – 15 ქულა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით – 5 ქულა; სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 20 ქულა; სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით – 15 ქულა;სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – 20 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ – 10 ქულა; სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – 15 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 25 ქულა; განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 30 ქულა; "B" კატეგორიის ან "A1" ან "B1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა – 20 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 10 ქულა;სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით – 20 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 30 ქულა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, – 15 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა; სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება – 30 ქულა; ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა – 5 ქულა; ამ ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 10 ქულა; ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა – 20 ქულა; მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას – 5 ქულა; სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი – 10 ქულა; გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – 10 ქულა; სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა – 5 ქულა; შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა;სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 20 ქულა; მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – 15 ქულა; საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 25 ქულა; ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 30 ქულა; საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა – 10 ქულა; ამ ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 25 ქულა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 20 ქულა.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)