|
2026-11-29 19:37:27, 257 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს
საქართველოში თურქეთის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე დაიბარეს. ინფორმაცია საგარეომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს "ბეშიქთაშსა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. "აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს", - წერს უწყება. "ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა. აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში", - წერს უწყება გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



