16:26 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-27 15:35:08, 313 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე - მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია

ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები. 
ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.
ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.
ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.
ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
ზურაბ პატარაძე - მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია
გვარამია - ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, უნდა გადადგეს
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics