12:11 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-26 11:42:18, 285 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრის ადგილი — მინსკი — შეხვედრის შინაარსს არ ცვლის

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "პირველი არხის" ეთერში გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია. ბოჭორიშვილის თქმით, მხოლოდ ამ სურვილის გაჟღერება საკმარისი არ არის და ურთიერთობების ნორმალიზებისთვის კონკრეტული ნაბიჯები რუსეთის მხრიდან უნდა გადაიდგას.

"თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, აქ არც დასამალია არაფერი და ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს იქნას მიღწეული. ასე რომ, მხოლოდ სურვილის გაჟღერება საკმარისი არ არის. თუკი სურვილი არის, მაშინ კონკრეტული ქმედებებიც და ნაბიჯებიც უნდა ვნახოთ, რა იგულისხმება ამ სურვილის განხორციელებაში. ეს სურვილი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხორციელებული, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს გადასადგმელი რაიმე ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში", — განაცხადა ბოჭორიშვილმა პირველი არხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია. მან ასევე მოიწონა ბოჭორიშვილის განცხადება, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების არ უნდა გვეშინოდეს. ლავროვის შეფასებით, ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც როგორც ქართველი ხალხის, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ინტერესებს ემსახურება.

"პირველი არხის" ეთერში ბოჭორიშვილმა პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც 19 ნოემბერს მინსკში გაიმართა.

"შეხვედრის საჭიროება იყო. იცით რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც კონკრეტულ ქართულ კომპანიებს შეეხება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია გარკვეული ნაბიჯები გადადგას, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა მექანიზმი, რომლის ამუშავებაც შეიძლებოდა და გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა — დაინიშნა წარმომადგენელი და შედგა შეხვედრა", — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, შეხვედრის ადგილად მინსკი რუსულმა მხარემ შესთავაზა და საქართველოს ამაზე წინააღმდეგობა არ ჰქონია. მისი თქმით, შეხვედრის ადგილს შინაარსზე გავლენა არ მოუხდენია.

"შეხვედრის ადგილიც იყო შემოთავაზებული, მინსკი, და, რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგო ამის არაფერი არ გვქონდა, რომ ეს შეხვედრა გამართულიყო მინსკში. არაფერს არ ცვლის ეს, ანუ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით", — აღნიშნა მან.

ბოჭორიშვილმა ასევე უპასუხა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ რიჟენკოვის განცხადებას, რომ მინსკში გამართულმა მოლაპარაკებებმა მხარეებს შორის ურთიერთნდობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა და მომდევნო შეხვედრები შესაძლოა უკვე მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს.

ბოჭორიშვილის თქმით, ბელარუსი ამ მოლაპარაკებების მხარე არ არის და არც შეხვედრის შინაარსისა და შედეგების შეფასების უფლებამოსილება აქვს.

"ბელარუსი ამ შეხვედრების მხარე არ არის და ბელარუსს არ აქვს არც ამ შეხვედრების შინაარსზე და შედეგებზე ინფორმაცია, არც შედეგების შეფასება შეუძლია ვინმეს, თუ ამას არ გავაკეთებთ ჩვენ ან რუსეთი. შესაბამისად, შეხვედრების საჭიროება თუ გაგრძელებაც მხარეების გადასაწყვეტია", — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მინსკში შეხვედრის ორგანიზებაში ბელარუსის მხარის დახმარებისთვის საქართველოს მადლიერია, თუმცა მომდევნო შეხვედრების გამართვის ადგილთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს. ბოჭორიშვილის განცხადებით, არც თბილისსა და მოსკოვში შეხვედრების გამართვის საკითხი დგას ამ ეტაპზე დღის წესრიგში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დავორ ივო სტიერი - იმსახურებს საქართველო ასე ცხოვრებას? ამ მომავლისთვის იბრძოდნენ ისინი? ეს არის ქართული ოცნება? ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ახლა ეს კოშმარია
ნაჩო სანჩეს ამორი - გვჭირდება სანქციების პაკეტი საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ
მალგოჟატა გოშევსკამ მოითხოვა სანქციები დაედოს ბიძინა ივანიშვილს მის ოჯახს და ბიზნეს გარემოს
მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრის ადგილი — მინსკი — შეხვედრის შინაარსს არ ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics