|
2026-11-26 11:38:40, 273 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილის თქმით, გალუზინმა 3 მიზეზი დაასახელა, რის გამოც ქართულ ღვინოს შეზღუდვები დაუწესეს, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა
საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ, კერძოდ, მიხაილ გალუზინმა მინსკში 19 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე უთხრა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ. როგორც ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, გალუზინთან შეხვედრაზე ქართული მხარისთვის "მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე". მისივე თქმით, მან გალუზინს ჰკითხა, თუ რას უკავშირდებოდა შემზღუდავი ზომების დაწესება ქართულ სასმელებზე, რაზეც მან პასუხად სამი მიზეზი მიიღო. "პასუხად მივიღე მისგან სამი რამ — ერთი იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო, მათი თქმით, ის, რომ ეს კომპანიები თითქოს აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს და მესამე იყო ის, რომ ესენი არიან დაკავებულები ანტირუსული ნარატივითო. რაც შეეხება ხარისხს, მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი ბატონ გალუზინს, რომ ქართული ღვინო სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, არის მაღალხარისხიანი, გააჩნია არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოს ქართული ღვინო არის დაბალხარისხიანი. რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ეს იყო უკრაინის დაფინანსება და ანტირუსული ნარატივი, ეს არის აბსოლუტურად არარელევანტური, არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი არ ხდება. პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხარეს ჰქონდა დაახლოებით 10 საკითხი, რომელიც მათ დააყენეს. "ძირითადად ეს იყო ჰუმანიტარული სფეროს საკითხები, თითქოს უვნებელი, მაგალითისთვის გეტყვით, რომ იყო საუბარი იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო ერთ-ერთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოს ნამდვილად უვნებელი საკითხი არის, მაგრამ თუ დააკვირდებით და გაანალიზებთ, ეს ყველაფერი არის მიმართული ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდას და ნარატივს, თითქოს ქართული ოცნება არის პრორუსული. და იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი არის იმისთვის მიმართული, რომ ენერგია შემატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს", — განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად სირთულეებისა და იმ სკეპტიციზმისა, რაც მას ჰქონდა გალუზინთან საუბრისას, აუცილებელია დიალოგი. "აუცილებელია გაგრძელდეს ეს დიალოგი, ძალიან გულახდილი და რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მთავრობას, რომ მივაღწიოთ, რაც მთავარია, ჩვენი ურთიერთობების დარეგულირებას, ჩვენი ტერიტორიების გაერთიანებას. ამის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელი იქნება, რომ წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას, ეს არის ერთიან, ძლიერ საქართველოს", — განაცხადა მან. ცნობისთვის, რუსეთმა ქართული სასმელების — ღვინის, კონიაკის, ლუდის, მინერალური წყლისა და გაზიანი სასმელების ნაწილის რუსეთში იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა.
დავორ ივო სტიერი - იმსახურებს საქართველო ასე ცხოვრებას? ამ მომავლისთვის იბრძოდნენ ისინი? ეს არის ქართული ოცნება? ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ახლა ეს კოშმარია
ნაჩო სანჩეს ამორი - გვჭირდება სანქციების პაკეტი საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ
მალგოჟატა გოშევსკამ მოითხოვა სანქციები დაედოს ბიძინა ივანიშვილს მის ოჯახს და ბიზნეს გარემოს
მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრის ადგილი — მინსკი — შეხვედრის შინაარსს არ ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



