20:35 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-23 20:20:26, 470 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერიმ, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსმა და ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივმა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკური დიალოგის განახლების საკითხს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობასა და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ეხმაურებიან.

განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირს საქართველოსთან დიალოგისთვის კარი არასოდეს დაუხურავს და არსებული ვითარების მიზეზად მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.

"ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ბატონი კობახიძის მოწოდება ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გამართვის შესახებ. ევროპას დიალოგისთვის კარი არასოდეს დაუხურავს - მას აზრი "ქართულმა ოცნებამ" დაუკარგა - აღნიშნულია განცხადებაში. 

მათი განცხადებით, 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ცალმხრივად შეაჩერა, რასაც მოჰყვა ევროკავშირის რეკომენდაციების ნაცვლად ახალი შემზღუდველი კანონების მიღება, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება.

მათი თქმით ახლა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად, რაც კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან. 

"ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ოფიციალური კონტაქტების შეზღუდვის შესახებ სწორედ ამ არჩევანის შედეგი იყო და არა მისი მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ხელისუფლებისთვის ეს კარი ხელახლა იმ დღეს გაიღება, როდესაც მისი ქმედებები და არა სიტყვები დაადასტურებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული კურსისკენ დაბრუნებას.

ამ წინადადების წამოყენების დრო თავისთავად მეტყველებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ქართული ოცნების მოთხოვნის განხილვას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ, მათ შორის იმ უკანასკნელი ოპოზიციური პარტიისა, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენლობა ჯერ კიდევ აქვს.

ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე გამოცხადებას ცდილობს, ამავდროულად ვერ წარმოაჩენს თავს დიალოგისთვის სანდო პარტნიორად. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შეთავაზება სხვაგვარად ვერ აღიქმება, თუ არა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟის მცდელობის საფარველად.

როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში განაცხადა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვისკენ.

დამკვიდრებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული გადამწყვეტი უკუსვლა იქნება, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად. ეს საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს და გაწევრიანებისკენ ნებისმიერ წინსვლას გამორიცხავს. დღემდე არაფერი შეცვლილა.

ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის აბსოლუტურ მხარდაჭერას ევროპული მომავლის მიმართ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის განმტკიცებული. ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზებით ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა.

ურთიერთობების რეალური აღდგენა ხელისუფლების მხრიდან უპირობო ნაბიჯების გადადგმას უნდა ეფუძნებოდეს, ესაა: 

  • ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება;
  • სამოქალაქო საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური საქმიანობისთვის შემზღუდველი კანონების გაუქმება, მათ შორის იმ შეზღუდვების გაუქმება, რომლებმაც ევროპული პოლიტიკური ფონდები აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინათ;
  • ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტა;
  • ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზის უზრუნველყოფა.

მანამდე კი მოვუწოდებთ ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დააწესონ ხელშესახები ზომები, მათ შორის მიზნობრივი სანქციები ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის აქტის) ან სხვა სანქციების რეჟიმის ფარგლებში, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე.

თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების მიმართ, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს", ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესის მომხსენებლები: 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის განხილვა ღრმა შეშფოთებას იწვევს
ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება
ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics