11:46 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 11:19:37, 262 ნახვა

პოლიტიკა
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს საერთო განცხადებით ეხმაურებიან.

მათი განცხადებით, წარმოდგენილი სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ფუძემდებლურ სტანდარტებს.

ფაქტობრივად, მოსარჩელეთა ერთადერთ ე.წ. მტკიცებულებას კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის იურიდიული ძალის არმქონე დასკვნა წარმოადგენს. სარჩელში ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესები, როგორიცაა ხელისუფლების კრიტიკა, საპარლამენტო ბოიკოტი, პარტიებს შორის თანამშრომლობა, მშვიდობიანი პროტესტი და საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვა მანიპულაციურად არის გაიგივებული კონსტიტუციური წყობილების დამხობასთან.

ეს პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სისტემური დევნის ფონზე, რასაც წინ უძღოდა ანტიკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილებებით პარტიებთან „დაკავშირებულ პირთა“ პოლიტიკური უფლებების ბლანკეტური შეზღუდვა. რეპრესიების მასშტაბებს ნათლად ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ოპოზიციური პარტიების არაერთი ლიდერი დღეს საპატიმროში იმყოფება, ხოლო ნაწილს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წარდგენილი. იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვა, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 784 830 მოქალაქის (ამომრჩეველთა თითქმის 38%-ის) მხარდაჭერა მოიპოვეს, უთანაბრდება ასობით ათასი ამომრჩევლისთვის საარჩევნო ხმისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევას.

ეს ქმედება საბოლოოდ გამოუთხრის ძირს არჩევნების ინსტიტუტის მიმართ ისედაც შერყეულ საზოგადოებრივ ნდობას, ყოველგვარ აზრს დაუკარგავს მომავალ არჩევნებს, გააქრობს ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ცვლილების პერსპექტივას, ფაქტობრივად, აკრძალავს ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას და ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ დიქტატურას.

მივმართავთ:

● საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებული სარჩელი განიხილონ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი სტანდარტებით ხელმძღვანელობით. აუცილებელია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას სათანადოდ შეფასდეს პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიული მონაწილეობისა და მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის დაცვის მნიშვნელობა, ხოლო გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს მკაფიო და დამაჯერებელ სამართლებრივ დასაბუთებას.

● საქართველოს მოქალაქეებს: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ან პარტიულ სუბიექტებს, ეს არის პირდაპირი თავდასხმა თითოეული თქვენგანის კონსტიტუციურ უფლებაზე, თავად აირჩიოთ და მშვიდობიანად შეცვალოთ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სიმპათიებისა, მრავალპარტიული დემოკრატიის გაუქმება ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ერთმევათ ხმის უფლება, განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლება და სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოგიწოდებთ, არ შევეგუოთ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დაკანონებას და ერთიანი სამოქალაქო პოზიციით დავიცვათ ჩვენი თავისუფალი არჩევანი, კონსტიტუციური წესრიგი და საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავალი.

● საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს: ყურადღებით დააკვირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და მის შესაძლო გავლენას პოლიტიკურ პლურალიზმზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ გარემოზე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიების აკრძალვის შესახებ საგანგებო მიმართვას ავრცელებენ
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics