19:43 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-10 18:16:41, 616 ნახვა

სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს საძირკველია. თუმცა, როდესაც სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლად ყალიბდება, ეს საძირკველი იშლება. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც ნათლად აჩვენა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება კრიტიკული მედიის ჩახშობას და ლექსიკონის კონტროლს.

ეს არ არის უბრალოდ ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე ზრუნვა. ეს არის კლასიკური ცენზურა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს თავი აარიდოს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას და მედიას აკრძალოს იმ რეალობის გახმოვანება, რაშიც ქვეყანა ცხოვრობს. თუკი ჟურნალისტს არ აქვს უფლება უწოდოს პოლიტპატიმარს პატიმარი, ხოლო ოლიგარქიულ მმართველობას ოლიგარქია, მაშინ მედია აღარ არსებობს – ის იქცევა პროპაგანდისტულ რუპორად.

„ოლიგარქის პარლამენტის თავმჯდომარე“

  • „[ივანიშვილის მიერ] მართული ტელევიზიები“
  • „ოცნების სასამართლო“
  • „ოცნება არჩევანს დიქტატურაზე აკეთებს“
  • „ოცნების/ქართული ოცნების რეჟიმი“
  • „სასამართლო კლანი“
  • „ოცნების პრემიერი“ / „ოცნების მინისტრი

„კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს. 1-ელ ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ და ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.

საერთო ჯამში ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს ტელეკომპანია „პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7 ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და 5000 ლარს შეადგენდა ახლა კი 10 000 ლარამდე გაიზარდა.

რა სიტყვებს ედავება კომისია მედიას? სულ გამოვლენილია 93 აკრძალული სიტყვა და ფრაზა. მათ შორისაა: რეჟიმი, სინდისის პატიმრები, ოლიგარქი, ცრუ მოწმე პოლიციელები, პოლიტიკური პატიმრები, ივანიშვილის პრემიერი , უკანონო პატიმრობა, „ოცნების“ ხელისუფლება, რეპრესიული კანონები, სასამართლო კლანი.

 

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF), რომელიც იცავს პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებებს მსოფლიოში, „ტვ პირველის“ დაჯარიმებას ეხმაურება.

„ტელეკომპანია „პირველს“ ახალი ჯარიმა დაეკისრა ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა „ოლიგარქი“, რაც მიკერძოებულად ჩაითვალა, მაშინ როდესაც პროსამთავრობო მედია თავისუფლად იყენებს პარტიულ ენას ყოველგვარი სანქციების გარეშე“, - წერს ორგანიზაცია X-ზე.

„ეს ორმაგი სტანდარტი აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელ მედიას ესხმის თავს“, - წერია მოკლე განცხადებაში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ყველა მედიასაშუალების მიმართ თანაბარ მოპყრობას მოითხოვს“.

2026 წლის მაისში კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზია „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა. კომისიამ მიიჩნია, რომ ჟურნალისტების გამოთქმული ფრაზები არღვევდა მაუწყებლობის შესახებ კანონს, ერთ-ერთ გადაცემაში კი დაცული არ იყო ბალანსი.

„მოხსენებითი ბარათის თანახმად, საინფორმაციო გამოშვების წამყვანებისა და ჟურნალისტების წარმოთქმული ფრაზები ["ოცნების" შსს, "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრი, პროსამთავრობო "რუსთავი 2" და სხვა.] კონტექსტისა და გავრცელების ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ კანონს“, - თქვა კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა და ტელეარხის სანქცირების პროექტი წარუდგინა კომისიას.

2026 წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზია „TV პირველი“ სამართალდამრღვევად ცნო ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „სინდისის პატიმრები“,  „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ოცნების გამოძიება“, „ოლიგარქი“, „არარსებული დანაშაული“ და ა.შ.

„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“, - აცხადებენ კომისიაში.

„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე კომუნიკაციების კომისიაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს. მისი თქმით, საინფორმაციო გამოშვებებში გაჟღერებული ტერმინები, რომლებსაც ჟურნალისტები იყენებენ, საერთაშორისო დონეზეა დამკვიდრებული.

კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებული ბერკეტები დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაცრდება. პროცესი დაიწყო სავალდებულო გაფრთხილებებით, გადაიზარდა 2 500 და 5 000 ლარიან ჯარიმებში, ხოლო ამჟამად მაქსიმალურმა ნიშნულმა 10 000 ლარს მიაღწია. სტატიაში ეს ტენდენცია შეფასებულია, როგორც მედიის ეკონომიკური დასუსტებისა და ფინანსური ბლოკადის მცდელობა.

არგუმენტის მიხედვით, როდესაც ჟურნალისტებს ერთმევათ უფლება გამოიყენონ ქვეყნის პოლიტიკური რეალობის ამსახველი ტერმინოლოგია, მედია კარგავს თავის დემოკრატიულ ფუნქციას და ემსგავსება ხელისუფლების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს.

არასამთავრობო სექტორი და მედიადამცველები მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისია გასცდა საკუთარ სამართლებრივ ჩარჩოებს. ნაცვლად მაუწყებლობის ხარისხისა და ეთიკის სტანდარტების დაცვისა, იგი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და მმართველი გუნდისთვის არასასურველი ნარატივების გაქრობას ცდილობს.

ონლაინ მედიას ეს კონკრეტული რეგულაცია არ ეხება. კომუნიკაციების კომისიის (კომკომის) ოფიციალური უფლებამოსილება და აღნიშნული სანქციები ვრცელდება მხოლოდ მაუწყებლებზე (ტელევიზიებსა და რადიოებზე), რომლებიც რეგულირდებიან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით.

ონლაინ მედიასაშუალებების უდიდეს ნაწილზე, რომლებიც დამოუკიდებელ დონორულ დაფინანსებაზე არიან დამოკიდებულნი, პირდაპირ გავრცელდა ე.წ. „რუსული კანონი“. ეს მათ ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში, რაც სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ფასდება როგორც დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციისა და ფინანსური შეზღუდვის ბერკეტი.

აქედან გამომდინარე „ექსპრესნიუსი“ იყენებს და გამოიყენებს ყველა ტერმინს რომელიც „ქართულ ოცნებას“ ასე არ მოსწონს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაზე - ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics