16:21 - 22 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 14:56:48, 387 ნახვა

ჟურნალისტები საფრთხეების წინაშე - პროტესტი, ძალადობა და მედიის უფლებები საქართველოში

საქართველომ, როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფომ, მედიის თავისუფლების მხრივ უკანასკნელ ათწლეულებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, მედიის თავისუფლების პრობლემები საგრძნობლად გახშირდა.  

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ექსპერტები აქტიურად საუბრობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დისკრედიტაციის ტაქტიკების ზრდაზე.

ბოლო წლებში სულ უფრო მეტად იკვეთება ხელისუფლების მცდელობა, დაამყაროს კონტროლი ქვეყნის მედია გარემოზე. სწორედ ამ ფაქტმა გაამყარა საქართველოს უცხოელი მეგობრების ეჭვები ქვეყანაში მედიის თავისუფლების შესახებ.

„Amnesty International-ის" 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიაზე განხორციელებულმა ფინანსურმა მუქარებმა და ძალადობრივმა ზეწოლამ, მედიის დამოუკიდებლობა და ჟურნალისტების უსაფრთხოება დააზარალა. მედიამონოპოლია და ბიზნეს ინტერესები, რომლებიც შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს, ჟურნალისტების საქმიანობას ხელს უშლის. ორგანიზაციის ანგარიში ხაზს უსვამს, რომ უწყებების მხრიდან გაჟღერებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და სასამართლო პროცესები მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლების პოზიციებს, წამოაჩენს და ადასტურებს სახელმწიფოს მიერ მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს.

საქართველოს მთავრობამ უარყო მსგავსი კრიტიკა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება არ არის საფრთხეში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მედიის უფლებები საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული და ქვეყანაში ჟურნალისტების მუშაობაში სამართლებრივი ჩარევა არ ხდება.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები, სხვადასხვა ფორმით დაზარალდნენ.

ევროკავშირის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას, მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაზარალდა. მათ შორის "ფორმულას", "TV პირველის" და "პუბლიკას" წარმომადგენლები.  2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები კი, 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტი იყო.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ფიზიკურად დაშავდნენ: გურამ როგავა, ჟურნალისტი - სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. მას სახის ძვლები და კისრის მალა ჰქონდა მოტეხილი. ანა მდივანი, ჟურნალისტი - „...წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი სახეში შემესხა - მასში გარეულია [სხვა ნივთიერება]... დამწვრობა მაქვს ყველგან, სადაც მომხვდა ეს სითხე“, - წერს „მთავარი არხი“. ანა მსხალაძე, ჟურნალისტი - სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. როგორც „პუბლიკა“ წერდა, მსხალაძე ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ. ნანუკა ქაჯაია, ჟურნალისტი, პაპუნა ხაჩიძე ოპერატორი - „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" კრიმინალურმა პოლიციამ ტელეკომპანიის კამერა დაამტვრია. „შავრაზმელებმა იძალადეს ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიაზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა“, - წერდა „ტვ პირველი“.

რასაკვირველია, ეს მხოლოდ ნაწილია იმ უამრავი შემთხვევისა, რომელიც საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. იყო დაკავებებიც, მათ შორის - მზია ამაღლობელისა და ნიკა კაციას საქმე.  

2025 წელი კი დაჯარიმებების ბუმბერაზი ტალღით დაიწყო. სხვა მოქალაქეების, მაგალითად, ექიმების, მასწავლებლების, არქიტექტორების, მუსიკოსებისა თუ მსახიობების მსგავსად, საჯარიმო ოქმები საპროტესტო აქციაზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო, ჟურნალისტებსაც მისდით.

ამ მომენტითვის პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;

„ტვ პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს(შეატყობინეს 21 თებერვალს);

„პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;

„ტაბულას“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;

„ტაბულას“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;

„მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;

“ევრონიუსის” ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს;

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;

ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს.

სწორედ ამ მიზეზით, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებული მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას".

ზემოთ განხილული ფაქტები მიუთითებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები ხშირად ხდებიან ძალადობის, დაკავებების და დაჯარიმებების მსხვერპლნი საპროტესტო აქციების გაშუქებისას და არამარტო. ეს ტენდენცია საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რათა საქართველოში დაცული იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და მედიის თავისუფლება.

 

ავტორი: ლილე სვანაძე




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Sky News-ის ინფორმაციით „ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა
თბილისში მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი
ანდრეი სიბიგა - მადლობა ევროკავშირს უკრაინის მხარეს მტკიცედ დგომისთვის
აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics