11:41 - 21 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 11:10:44, 516 ნახვა

მსოფლიო
დელიბორ როჰაჩი - საქართველოს ახლანდელი მთავრობით არანაირი შანსი არ აქვს EU-ის წევრი გახდეს

„კიდევ ერთი ნაბიჯი ავტორიტარიზმის გზაზე“ - ასე აფასებს „ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ კანონების და სასჯელების გამკაცრებას, რომლებიც დემონსტრაციებს უკავშირდება. მეორე მხრივ კი იმ მედიაკანონების შეთავაზებას, რომლებზეც „ოცნების“ ლიდერებმა ისაუბრეს და თქვეს, რომ ახალი რეგულაციებით მედიის სტანდარტებს განსაზღვრას აპირებენ. დელიბორ როჰაჩი ამბობს, რომ ზოგიერთი სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მთავრობა მედიის თუ სამოქალაქო სექტორის შეზღუდვას განსხვავებული მეთოდებით ცდილობდა, ეს საქართველოში ძალადობის თანხლებით ხდება და ამიტომაც, რუსეთის მაგალითს იმაზე უფრო მეტად ემსგავსება, ვიდრე - სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ნანახ დემოკრატიულ უკუსვლას.

- დელიბორ, მადლობა დროის დათმობისთვის. “ქართულმა ოცნებამ” დემონსტრაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაამკაცრა და ახალი მედია-რეგულაციებიც დააანონსა. რას ნიშნავს ამ ზომების მიღება პროტესტის მომავლისა და უკმაყოფილო მოქალაქეებისთვის, რას ამბობს ეს ხელისუფლებაზე?

- პირველ ყოვლისა, მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, ეს უკიდურესად აღმაშფოთებელი სიახლეა ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე, იმ ეტაპისკენ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ან ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირები გააღრმაოს, თუკი ის ახშობს განსხვავებულ ხმებს, ხალხს აპატიმრებს, უუქმებს მანდატებს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პარლამენტარებს. არჩევნები კიდევ ცალკე საუბრის საგანია. პირადად ჩემთვის, ესაა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში მჭიდროდ დამკვიდრდეს, ჩარჩეს. და ვფიქრობ, ქართველი, თავისუფლებისმოყვარე ხალხი მართალია, როდესაც ამას მთელი ძალით აპროტესტებს.

ეს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე, იმ ეტაპისკენ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა".

- “ქართული ოცნების” ლიდერებმა წინასწარ ისაუბრეს მედიასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღების გეგმაზეც. თქვეს, რომ დაადგენენ სტანდარტებს და უზრუნველყოფენ ეთიკურ ჟურნალისტიკას. კიდევ უფრო შეიზღუდება უცხოური დაფინანსებაც. პრემიერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებების კრიტიკა მხოლოდ იმის შიშს ეფუძნება, რომ მედია სიძულვილისა და ტყუილების გავრცელებას ვეღარ შეძლებს. რას ფიქრობთ მედიის შემზღუდავი კანონმდებლობის დააანონსებაზე. რას უქადის ეს დამოუკიდებელ მედიას ქვეყანაში?

- ეს [განცხადებებიც] ჩემი აზრით, თანმიმდევრული და შესაბამისია, ამ მთავრობის ზოგად სურათში ჯდება. მთავრობის, რომელიც თავის მხრივ არის - ფართო შეფასებით გაყალბებული არჩევნების - შედეგი და რომელიც ცდილობს პოზიციები ნებისმიერ ფასად გაიმყაროს. მედიის თავისუფლება პლურალისტური დემოკრატიის ფუნდამენტია. მედიათავისუფლება ისეთ მედიალანდშაფტს გულისხმობს, რომელიც მოიცავს უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიასაც, სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, იდეების რეალურ კონკურენციას.

მეთოდები, რომლებითაც საქართველოში ეს ყველაფერი კეთდება, ძალიან ინფორმაციული და მრავლისმთქმელია. უნგრეთში ვიქტორ ორბანი მედიაზე კონტროლის დამყარებას ირიბად ცდილობდა, სარეკლამო პოლიტიკით, მფლობელობის ცენტრალიზებით, მთავრობასთან დაახლოებული პირების მიერ მედიების შესყიდვით და ა.შ. საქართველოში კი ეს ძალიან შეუფარავად, დაუხვეწავად, სასტიკი გზით ხდება. ეს ნამდვილად გვახსენებს იმას, რასაც რუსეთში ვხედავთ. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ საქართველოს მაგალითი შორსაა იმ დემოკრატიული უკუსვლის მაგალითებისგანაც კი, რაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გვინახავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კარინა ოდებრინკი საქართველოზე - ფუნდამენტურ უფლებებზე ვერ ვისაუბრებთ თუ არ გავაცნობიერებთ მზარდ თადასხმებს პრესის თავისუფლებაზე
თეთრი სახლის პრესმდივანი - ველოდებით, როგორ დაამარცხებს ჩვენი ჰოკეის ნაკრები კანადის, მალე აშშ-ის 51-ე შტატის ნაკრებს
კრემლი მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალს მითვისებული პენსიების დაბრუნებას სთხოვს
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics