2025-02-19 10:44:29, 654 ნახვა
High - Tech ომი უკრაინაში
ტრამპი, როგორც პუტინის მეგობარი - ცდილობს თუ არა, ვაშინგტონი და მოსკოვი ომის დასრულების საბაბით კიევში ხელისუფლების შეცვლას
![]() უკრაინაში ომის დასრულებაზე დაწყებული მოლაპარაკბების შემდეგ, მსოფლიო დედაქალაქებში აზრთა სხვადასხვაობა ისმის. ფაქტია, რომ ტრამპს ომის მალე დასრულება სურს, თუმცა უკრაინა და ევროპა იაზრებენ იმ ფაქტს, რომ ისინი მეორე ხარისხოვანი მოთამაშეები გახდნენ. ბოლო დღეებში მსოფლიო მედიის ყურადების ქვეშ რამდენიმე დედაქალაქია: ვაშინგტონი, პარიზი, ელ-რიადი და ანკარა. რას ამბობს ტრამპი? საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონლად ტრამპმა - ,,ძალიან კარგი“ უწოდა. ტრამპის თქმით, შეხვედრის შემდეგ „ბევრად დარწმუნებულია“ სამშვიდობო შეთანხმებაში. „შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება, იმის, რაც იქ ხდება. ყოველკვირეულად ათასობით ჯარისკაცს კლავენ. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. ეს უაზრო ომია, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და სირცხვილია ამის ნახვა. მე ვხედავ სურათებს, რომლებსაც თქვენ ვერ ხედავთ, ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის სურათებს, რომლებიც უბრალოდ საშინლად გამოიყურება. ეს ხდება ყოველდღიურად და საშინელებაა. როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა კარგავენ ათასობით ჯარისკაცს და იღუპება უამრავი ადამიანი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი რამ, რასაც მოგვიანებით ნახავთ. ვფიქრობ, ხალხს გაუკვირდება, რამდენი ადამიანი, არამარტო ჯარისკაცი, დაიღუპა უკრაინაში. ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე თქვენ ფიქრობთ“, – განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი უკრაინელებისთვის, რომლებიც შეიძლება, თავს იმედგაცრუებულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ შეხვედრაზე არ იყვნენ, ტრამპი პასუხობს, რომ უკრაინას ჰქონდა სამი წელი და ბევრად ადრეც შეეძლო თავისი ადგილის დაკავება. „ვფიქრობ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა, ვგულისხმობ, იმას, რასაც სამი წლის განმავლობაში ვუყურებ. ეს ის ომია, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ. მესმის, რომ ისინი ნერვიულობენ ადგილის არქონის გამო, მაგრამ მათ ჰქონდათ ადგილი სამი წლის განმავლობაში და ბევრი წლით ადრეც, ვფიქრობ, ბევრი მიწის დაკარგვის, სიცოცხლის დაკარგვის, ქალაქების დაკარგვის გარეშე. ნაკლებად გამოცდილ მომლაპარაკებელს დიდი ხნის წინ უნდა დაედო შეთანხმება. პუტინი ამას არასოდეს გააკეთებდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და, სხვათა შორის, ჩვენ არ გვექნებოდა 7 ოქტომბერი და არ გვექნებოდა ეს არეულობა ყველგან. ამერიკა ჩააქრობს ხანძრებს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ტრამპმა. რაც შეეხება ომის დასრულების შესახებ შეთანხმების შემდეგ უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების შესაძლებლობის თაობაზე დასმულ კითხვას, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, „თუ მათ სურთ ამის გაკეთება, ეს შესანიშნავია“. „ვიცი, რომ ამის შესახებ აღნიშნეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, სხვებმაც და მე არ ვარ წინააღმდეგი. ჩვენ არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ მათ თუ სურთ, მე არ ვიქნები წინააღმდეგი“, – აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების სურვილი აშშ-ისგან მოდის და არა რუსეთისგან. „ძალიან ბევრი ქალაქია განადგურებული, შენობების უმეტესობა დანგრეულია. მათ ეს არ გაუკეთებიათ კიევში, რადგან ვფიქრობ, მათ არ სურდათ ძალიან ბევრი რაკეტის სროლა კიევში. ვფიქრობ, მათ გააკეთეს 20 პროცენტი, მაგრამ გააკეთებენ 100 პროცენტს, თუ ეს მოუნდებათ. თქვენ გაქვთ ქალაქები, რომლებიც აბსოლუტურად დანგრეულია. მათ როდესაც სურთ მაგიდასთან ადგილი, შეიძლება, რომ ხალხმა თქვას, განა უკრაინელმა ხალხმა არ უნდა თქვას, რომ დიდი ხანია, რაც არჩევნები არ ჩატარებულა? ეს არ არის რუსეთისგან წამოსული, ეს არის ჩემგან და მოდის ასევე მრავალი სხვა ქვეყნიდან. შეხედეთ, რა ხდება უკრაინის ქალაქებში, იქ ერთი შენობაც არ დგას. როდესაც თქვენ საუბრობთ ღაზაზე, უკრაინის ქალაქები პირდაპირ ჰგავს ღაზას. ხალხი დაიღალა ამით, მათ სურთ დაინახონ, რომ რაღაც ხდება“, – აღნიშნა ტრამპმა. ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, უკრაინას სამი წელი ჰქონდა შეთანხმების დასადებად. „მინდა, ვნახო მშვიდობა. აღარ მინდა, კლავდნენ რუს და უკრაინელ ხალხს, ისინი ადამიანები არიან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან არიან. ვფიქრობ, ამ ომის დასრულების ძალა მაქვს და ეს ძალიან კარგად მიდის, მაგრამ დღეს გავიგე, რომ „ჩვენ არ მიგვიწვიეს“. სამი წელი სად იყავით? თქვენ ეს უნდა დაგესრულებინათ სამი წლის მანძილზე. თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ის, თქვენ შეგეძლოთ შეთანხმების დადება. მე არ ვიცი, იქ ხალხი როგორ ცხოვრობს, როდესაც ზელენსკის რეიტინგის შედეგები ვნახე, ვიფიქრე, ვინ ცხოვრობს იქ? საერთოდ, როგორ ცხოვრობს იქ ვინმე? ქალაქები განადგურებულია“, – აღნიშნა ტრამპმა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას არ უნახავს უკრაინის ხარჯთაღრიცხვა, სად მიდის ეს ფული. „საკითხი, რაც დიდი ხნის მანძილზე მაწუხებდა, არის, რომ ნატო-სთან პრობლემა მოვაგვარე. მათ ასობით მილიარდი დოლარი გადაიხადეს ნატო-ს ფონდებში, როდესაც მე ვთქვი, რომ უნდა გადაიხადოთ, რადგან შეერთებული შტატები იხდიდა ევროპის ქვეყნებისთვის და შემდეგ ისინი ჩვენგან სარგებლობდნენ ვაჭრობით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხის ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა. კიევს მივაწოდეთ, ვფიქრობ, 350 მილიარდი დოლარი. კარგი, შეიძლება, ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა. სად არის ეს ფული? სად მიდის? ჩვენ უნდა გავთანაბრდეთ ევროპასთან, რადგან ევროპას ბევრად ნაკლები პროცენტი აქვს. ვფიქრობ, ევროპამ გასცა 100 მილიარდი და ჩვენ მივეცით, ვთქვათ, 300-ზე მეტი და ეს მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ შორის ოკეანეა, მათთან არა. სად არის ფული, რაც გაიცა? სად მიდის? მე არასდროს მინახავს ხარჯთაღრიცხვა. ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვაძლევთ, თუმცა ვერ ვხედავთ აღრიცხვას“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოცნება აასრულა, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. „ტრამპმა აასრულა პუტინის ოცნება, ის ყოველთვის ცდილობდა პრობლემების პირდაპირ აშშ-თან გადაჭრას, ევროპელების ან სხვების გარეშე. მისი აზრით, ეს მოსკოვის თანასწორობისა და სიდიადის აღიარებაა, მაგრამ ტრამპის მიზანი პუტინის სიდიადე კი არა, საკუთარი სიდიადეა და პუტინზე ზეწოლა სადაც საჭირო იქნება, ის ამას გააკეთებს“, – განაცხადა კულებამ. კულებას შეფასებით, აშშ-ისა და რუსეთის პირდაპირი საუბარი არ ნიშნავს, რომ ისინი შეთანხმდნენ. „ასე იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც. პუტინმა შეიძლება, ძლიერი იმედგაცრუება მოუტანოს ტრამპს. ჩვენ მხოლოდ პროცესის დასაწყისში ვართ, სადაც ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ შედეგები არ არის. ყველაფერი წინაა“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებას თქმით, იმის რეალური ინდიკატორი, რომ პუტინი ტრამპთან შეთანხმებაზე მიდის, იქნება შეტევებისა და დაბომბვების ინტენსივობის შემცირება. „დანარჩენი ყველაფერი ლაყბობაა, მაგრამ ესეც არ ნიშნავს ომის დასასრულის მოახლოებას, რადგან პუტინს მთავარი მიზანი – უკრაინის განადგურება დღის წესრიგიდან არ მოუხსნია“, – აღნიშნა კულებამ. გარდა ამისა, როგორც კულებამ აღნიშნა, ევროპამ ბოლოსდაბოლოს გააცნობიერა, რომ აშშ-მა ის მიატოვა. კულებას თქმით, ეს კარგია როგორც ევროპისთვის, ისე უკრაინისთვის. რა ხდება ევროპაში? საფრანგეთი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებაზე უკვე მეორე საგანგებო სამიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 17 თებერვალს პარიზში გამართული საგანგებო სამიტის შემდეგ, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ევროპის უსაფრთხოება განიხილეს, საფრანგეთი უკვე მეორე სამიტს ამზადებს. ამჯერად, მასზე მოწვეულები იქნებიან კანადა და ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც პირველ სამიტს არ დასწრებიან. გამოცემის ორი წყაროს ცნობით, მეორე სამიტზე მოწვეული ქვეყნები არიან: ნორვეგია, კანადა, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი და ბელგია. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება, მათ შორის ვიდეოჩართვებითაც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა. ინფორმაციას კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მარკო რუბიოს ვესაუბრე. რუსეთი ჩვენს დაყოფას შეეცდება, მოდით, მათ ხაფანგში ნუ გავებმებით. აშშ-სთან ერთად მუშაობით შეგვიძლია მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის პირობებით“, – წერს კაია კალასი. როგორია უკრაინის პოზიცია? „სიენენის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინა არ მიიწვიეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთში ვიზიტი გადადო. როგორც „სიენენი“ წერს, ერ-რიადში გამართული აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ვიზიტს 10 მარტამდე გადადებს. „ჩვენ არ ვყოფილვართ მიწვეული ამ რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე საუდის არაბეთში. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, ეს ბევრი ადამიანისთვის იყო მოულოდნელი. ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელები და ღია ვართ. არ მინდა არანაირი დამთხვევები, ამიტომაც არ მივდივარ საუდის არაბეთში“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სურს ომის დასრულება, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი და არავინ მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე. „თქვენ ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე იმის თაობაზე, როგორ დასრულდეს ომი უკრაინაში ნებისმიერი პირობებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ. თურქეთი, როგორც მოლაპარაკებების მასპინძელი მხარე - ანკარას პოზიცია თურქეთის პრეზიდენტი რეჰეფ თაიფ ერდოღანი რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობას თურქეთში სთავაზობს. ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა. სამშვიდობო პირობებთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის ჩამოყალიბებისას, ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი "უდავოა". როგორც ცნობილია, საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინელი ოფიციალური პირები არ ყოფილან მიწვეული. ახლა მთელი მსოფლიო ელის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები... _______ ავტორი: დიმა კვარაცხელია
შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე დააკავა
კარინა ოდებრინკი საქართველოზე - ფუნდამენტურ უფლებებზე ვერ ვისაუბრებთ თუ არ გავაცნობიერებთ მზარდ თადასხმებს პრესის თავისუფლებაზე
თეთრი სახლის პრესმდივანი - ველოდებით, როგორ დაამარცხებს ჩვენი ჰოკეის ნაკრები კანადის, მალე აშშ-ის 51-ე შტატის ნაკრებს
კრემლი მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალს მითვისებული პენსიების დაბრუნებას სთხოვს
|
რედაქტორის რჩევით
![]() ორი ცარიელი სკამი საქართველოსთვის - უარი ბრიუსელს, დუმილი მოსკოვს - რომელ მოსაწვევს მიიღებს თბილისი
![]() დიდი ოცეული - მნიშვნელობა და პოლიტიკური გავლენა
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა
![]() კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რომ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა 2025 წლის ბოლომდე მიღწეული იქნება
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
ორი ცარიელი სკამი საქართველოსთვის - უარი ბრიუსელს, დუმილი მოსკოვს - რომელ მოსაწვევს მიიღებს თბილისი
დღის თემა
|