|
2024-02-15 12:20:29, 1204 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოტენციური პარტნიორია
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მთავრობის მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ხარისხიანი, პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ როგორც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების, ასევე ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ბევრს მუშაობს სხვადასხვა ქვეყანასთან, აქვს ინტენსიური დიალოგი ძირითად პარტნიორებთან და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორი საქართველოსთვის არის საუდის არაბეთი, რომელიც უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს ყურის ქვეყნებს შორის. „გასულ წელს გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ყურეში, შევხვდით მმართველ გუნდს, პრინცს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრებზე გადაწყდა, რომ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ფორმალური პლატფორმები ეკონომიკური ურთიერთობების წასახალისებლად ორ ქვეყანას შორის. ასეც მოხდა - შარშან სავაჭრო პალატებს შორის ჩამოყალიბდა ერთიანი პლატფორმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაწილეობით შეიქმნა კონკრეტული ბიზნესსაბჭო, სადაც ქართული და საუდის არაბეთის ბიზნესებია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო წავახალისოთ ინვესტიციები, სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და დღევანდელი ფორუმიც ამ დაწყებული სამუშაოს ლოგიკური გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებს შორის და იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული ინვესტიციების განხორციელების კუთხით", - განაცხადა დავითაშვილმა. 15 თებერვალს თბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა. ფორუმზე განიხილება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეები მსჯელობენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. ღონისძიების ფარგლებში ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაცვალეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით. საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.
აშშ-ის ძალებმა ომანის ყურეში გაანადგურეს ტვირთმზიდი, რომელიც საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა
პროტესტის 730-ე დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია - „საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ გაიმართება
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ
CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად გადადიან დახურულ სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



