საუნივერსიტეტო საზოგადოება - ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებს, მკაცრ პროტესტს მიიღებს
2024-11-20 12:35:38

საზოგადოება

ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებს, აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს მიიღებს,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოება ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საუნივერსიტეტო საზოგადოება "19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებას მკაცრად გმობს".

"ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები  და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის  ძალის გადამეტებით დაშლას  და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას.

უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა - კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას.

საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ შეხედულებებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის ფუნდამენტია, დღეს უხეშად დაირღვა.  

ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, მიიღებს აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს.

იმავდროულად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს და განცხადებაც არ გაუკეთებია. 

ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას, დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის - ეს   ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა დათავისუფალი განვითარების საფუძველს ქმნის.

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის.  უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე, ან/და ძალადობის თანამონაწილე - იგი უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად",- აღნიშნულია განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ნეთანიაჰუმ კაბინეტს გააცნო გეგმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
გრეგოროვა - რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა
იუკნევიჩიენე - ჩემი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს
გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს