|
2018-10-04 13:38:11, 1625 ნახვა
საზოგადოება
400 წლის შემდეგ პირველი რთველი აღდგენილ მესხურ ტერასებზე
კომპანია „ვარძიის ტერასებმა" ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული ჯიშების პირველი მოსავალი აიღო. რთველში მონაწილეობა მიიღეს კლასიკური ავტომობილების რალის - „Peaks of Caucasus"-ის პილოტებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ჟურნალისტებმა. მესხეთი საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ აკვნად მიიჩნევა. აქ საუკუნეების წინ მევენახეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული, რასაც ნასახლარებთან შემორჩენილი საუკუნოვანი ვაზის ჯიშები და ქვაში გამოკვეთილი უნიკალური საწნახელებიც მოწმობს. მე-16 საუკუნის ბოლოს მესხურ ტერასებზე უკანასკნელი რთველი შედგა, რის შემდგომაც ისტორიულად ცნობილი სირთულეების გამო მესხური ვაზის უძველესი ჯიშები თითქმის მთლიანად განადგურდა. 2015 წელს, ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერის გიორგი ნათენაძის ერთობლივი ძალისხმევით სოფელ ხიზაბავრაში აღდგა მე-12 საუკუნის თამარ მეფის დროინდელი ტერასები. დიდი ძალისხმევის შედეგად, ამჟამად, აღდგენილია ისტორიული ტერასების 12 ჰექტარი, სადაც გაშენდა მესხური ვაზის 24 უიშვიათესი ჯიში. დაგეგმილია კიდევ 11 ჰექტარის გაშენება, სადაც სხვა აღდგენილი ჯიშებიც დაირგვება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მშვიდობაძე. პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლევან უჯმაჯურიძეს და გიორგი ნათენაძეს, რომლებმაც საგურამოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში 20-ზე მეტი მესხური ჯიშის იდენტიფიცირება მოახდინეს. „ვარძიის ტერასებზე" ახალი სიცოცხლე დაიწყეს ისეთმა უნიკალურმა ჯიშებმა, როგორიცაა: „თამარის ვაზი", „ჯვარი", „მესხური მწვანე", „მესხური ხარისთვალა თეთრი", „შავი ხარისთვალა", „მესხური ცხენის ძუძუ თეთრი", "დანახარული", „მესხური ჩიტისთვალა თეთრი", „მესხური ჩიტისკვერცხა", „ცხენის ძუა შავი", „კლარჯული", „ახალციხური თეთრი", „შავი ასპინძურა კაპნის" და ა.შ. მომავალ წელს, კომპანია გეგმავს აღადგინოს მესხური ტრადიციული არქიტექტურის ოდა და ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილი - საქვევრე მეურნეობა. აქ მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან უნიკალური მესხური ღვინოებით და კერძებით. აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ღვინის და კულტურული ტურიზმის განვითარებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
(R)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





