თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. მანამდე, აქციის მონაწილეებმა ადგილზე გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები.
აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით რამდენიმე ლოკაციიდან მივიდნენ.
„ივანიშვილის ინტერესები ქვეყნის მომავალთან შეუთავსებელია“ - ამის შესახებ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც მან "ტვ პირველს" განუცხადა, საზოგადოების აქტიური ნაწილი არ შეეგუება ქვეყნის საბჭოთა-რუსულ სივრცეში ჩარჩენასა და თავისუფალი სამყაროსგან მოწყვეტას.
ყველა რეპრესიის მიუხედავად, რაც ვნახეთ ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი და აქ შეკრებილი უამრავი მოქალაქე, ანუ აქტიური ნაწილი, არასდროს არ შეეგუება იმ უტიფარ განაცხადს, რაც ღიად გაგვიკეთა ივანიშვილის ამ არარაობამ, კობახიძემ ორი წლის წინ, რასაც რეალურად იქამდეც აკეთებდნენ, ესე პირდაპირ გვითხრა, რომ უნდა შევეგუოთ, რომ სახელმწიფოებრიობა არ გვქონდეს და საბჭოთა-რუსულ ჭაობში უნდა ჩავრჩეთ და თავისუფალ სამყაროში ჩვენ ბუნებრივ ადგილას დაბრუნება არ გვიწერია, რომ გადავრჩეთ, თურმე საჭირო არის ვასალობას დავთანხმდეთ. ამას არ შეეგუება ქართული საზოგადოება და დღევანდელი დღე არის ამის დასტური, ოღონდ ამოცანა, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ვინც დღეს არის შეკრებილი, იმ ხალხს, ვინც კვირაში ერთხელ მარშს ატარებს, ყველას, აქტიურ მოქალაქეს აქვს, რომ კიდევ უფრო ფართო გახდეს ეს პროტესტი და მოედოს მთელ საქართველოს, იმ ხარისხის გახდეს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი და მხოლოდ ამ გზით, როცა გავტეხავთ, მერე იქნება შესაძლებელი თავისუფალი არჩევნების მიღწევა და იმავე შედეგის მიღწევა, რაც 1990 წლის ოქტომბერში მივაღწიეთ, როცა საბჭოთა-რუსული კომუნისტური რეჟიმი დავამარცხეთ არჩევნებით და მერე დავიწყოთ ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოყვანა, მშენებლობა თავისუფალი რესპუბლიკის, თავდაცვის გაძლიერება, მოკავშირეების შეძენა და რეალურად დაცვა თავისუფლების და მშვიდობის - არა იმ სატყუარასავით, რასაც ესენი გვაწვდიან, რომ მშვიდობის სახელით უნდათ, რომ თავისუფლება და მშვიდობა დავთმოთ სწორედაც რომ"- თქვა ბოკერიამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებს ერთადერთი - რაოდენობაზე გამოცდა დარჩათ და ცვლილება გარდაუვალია.
გვარამიას თქმით, ყოველ მომდევნო აქციაზე შეკრებილთა რაოდენობა იზრდება და შემდეგ გამოსვლაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა შეიკრიბოს. მან აღნიშნა, რომ „ცვლილება ჰაერშია“ და როგორც კი მოქალაქეები კიდევ უფრო მეტნი იქნებიან, ცვლილებაც მოხდება.
მოგესალმებით, ყველაზე ძვირფასებო სამყაროში! მიხარია, რომ აქ გხედავთ. მიხარია, რომ გხედავთ უამრავს. მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი.
ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა - გამოცდა რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაც და გვაქვს მეტი რაოდენობა. შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა. და ცვლილება არის აქ, ჰაერში და როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია.
ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს ძმამ, რომელმაც დღეს დაწერა: „გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო“. და მე აქედან მინდა ვუთხრა: არასდროს! არ მიგატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ, არც ერთს!
და ვინც აქ არის გარეთ და თქვენზე ღელავს - თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი გუშაგები და თქვენ აქ დგახართ.
ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს. როგორც ქოცების, ისევე მართლმსაჯულების - სამარცხვინო მეგრელის მაგალითად.
აი, ამ ხალხს შეხედოს, ყველამ კარგად დაიმახსოვროს: ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების განატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ ოჯახში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ წინ ვერ დაგვიდგება! საქართველო ივანიშვილის გარეშე!
მე მინდა სიტყვა გადავცე იმ ხალხის წარმომადგენელს, ვინც ჩემთვის პირადად არნახული რამ შეძლეს - ყოველ შაბათს მარშებს აორგანიზებენ და ყველას ჩვენთაგანს გვაძლევენ შესაძლებლობას, დავინახოთ ერთმანეთი, მოვეფეროთ ერთმანეთს და შევახსენოთ ყველას, რომ ჩვენ კვლავაც ვცოცხლობთ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ!"- თქვა გვარამიამ.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან