|
2018-09-12 19:28:53, 1112 ნახვა
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან საპროტესტო აქცია გაიმართა
დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ამავე სამსახურის თანამშრომელმა, ჟურნალ ვეტერანის „რედაქტორმა“, ზაირა მიქატაძემ და ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა, "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, შორენა სიხარულიძის მიერ ზაირა მიქატაძეზე განხორციელებული შევიწროების, ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები" გააპროტესტეს. ზაირა მიქატაძე აფხაზეთის ომის ვეტერანია, იგი ოთხი წელია აღნიშნულ უწყებაში მუშაობს. როგორც იგი აცხადებს, სიხარულიძე თანამდებობაზე ნეპოტიზმითაა დანიშნული და ამიტომაც მას ხელშეუხებლობის განცდა აქვს. „ხუთი თვეა, რაც ჩვენს სამსახურში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან სხვადასხვა თანამშრომელთან რამდენჯერმე სცადა კონფლიქტის გაჩაღება, მაგრამ ყველამ იცის, რომ გავლენიანი კაცის მოყვანილია და მასთან დაპირისპირებას ყველა ერიდება. იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს იმ ვეტერანებსაც, რომლებიც სამსახურის მიმართ გულისწყრომას გამოხატავენ. ხოლო განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლებს გაფუჭებით ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ სცადა ჩემთან დაპირისპირება და საწადელსაც მიაღწია. მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ჩემი ღირსებისა და პატივის შემლახველი პოსტი, სადაც მიწოდა „ღორი“, „სულით როსკიპი“, „ტვინგარღვეული“, „ავადმყოფი, რომელსაც ფსიქორეაბილიტაციაც არ შველის“. იმ პერიოდში, როდესაც მასთან უსიამოვნება მომიხდა, მართლაც ვიმყოფებოდი ნევროპათოლოგის მკურნალობის ქვეშ, რაც სიხარულიძემ საქილიკოდ აქცია“, - აცხადებს მიქატაძე. მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც ასე ესმის კოლეგებთან და ვეტერანებთან ურთიერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს არ უნდა ხელმძღვანელობდეს. დღევანდელ აქციაზე მიქატაძეს, ადვოკატ ხატიაშვილს, ომში დაღუპულ მეომართა დედებსა და ოჯახის წევრებს სამსახურის დირექტორი მოადგილესთან, ჯანდრი უბირიასთან და უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. მან დაადასტურა, რომ სიხარულიძე მართლაც უღირსად მოიქცა, რისთვისაც მის მიმართ შესაბამისი ზომები იქნება გატარებული. ჯანდრი უბირიას თქმით კი ეს არის ქალებს შორის ჩხუბი. ზაირა მიქატაძის თქმით, თუკი შორენა სიხარულიძეს სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ, 20 სექტემბერს იგი შიმშილობას გამოაცხადებს. დღეს ზაირა მიქატაძის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ოზურგეთსა და ბათუმშიც, სადაც ვეტერანებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ღიად მიმართეს, დაინტერესდეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არსებული მდგომარეობით, რომელსაც მათი თქმით, ვეტერანთა ყოფა-ცხოვრება უარესობისკენ მიჰყავს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)