|
2018-04-12 15:46:00, 572 ნახვა
მთავრობამ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი მოიწონა
საქართველოს მთავრობამ მოიწონა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს კანონში „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ და კიდევ სამ სხვა თანმდევ კანონში. წარმოდგენილი ცვლილებები სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. ცვლილებები მთავრობას იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა. იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმთან“ და ევროპულ კონვენციასთან „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“. გარდა ამისა, ზუსტდება კანონმდებლობაში არსებული, სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკის განმაპირობებელი ნორმები. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ახლებურად არეგულირებს საექსტრადიციო პროცედურებს: შემოდის გამარტივებული ექსტრადიციის ინსტიტუტი; მარტივდება სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარება; იხვეწება საერთაშორისო თანამშრომლობა ქონების ჩამორთმევის პროცესში. კერძოდ, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ შესული ცვლილებებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თანხმობის შემთხვევაში, ინერგება გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ საექსტრადიციო პროცედურების გამარტივება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილია. ახლებურად რეგულირდება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები - კერძოდ, უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი. საქართველოს პროკურატურას ენიჭება უფლება, ჩამორთმეული ქონების განაწილების თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოოს იმ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან, საიდანაც განხორციელდა შუამდგომლობა ქონების ჩამორთმევის შესახებ; შესაძლებელი ხდება ჩამორთმეული ქონების ნახევრის შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა, ხოლო დანარჩენი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა. იმ შემთხვევაში, თუ ჩამორთმეული ქონება არ წარმოადგენს ფულად თანხას, კანონპროექტი ქონების გაყოფის უზრუნველსაყოფად მისი გასხვისების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნათლად არ არის განსაზღვრული, ვის გააჩნია იურისდიქცია უცხოეთში, საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე. ახალი რეგულაციებით, ამგვარ დანაშაულებზე გავრცელდება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დანაშაულები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოექცევა. მარტივდება გამოძიების პროცესში უცხო ქვეყნიდან საჭირო დოკუმენტაციის მოპოვება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებებით, გარკვეულ შემთხვევებში, უცხო სახელმწიფოდან კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება შესაძლებელი იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე. იხსნება ბიუროკრატიული ბარიერები უცხო ქვეყანაში მყოფი პირის დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხვისა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარებისათვის.
(NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)