|
2018-01-24 11:00:08, 2638 ნახვა
მსოფლიო
მამიკინსი: ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხდომაზე მოხსენებით საქართველოს საკითხზე მომხსენებლები ანდრის მამიკინსი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმი წარსდგნენ. ევროპარლამენტარებს ასევე სიტყვით მიმართა ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატალია საბანაძემ. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანრდის მამიკინსმა უაღრესად წარმატებულად შეაფასა, საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. "საქართველომ მნიშვნელოვანი დინამიკა აჩვენა აქამდე სტანდარტების გაუმჯობესების მხრივ მრავალ სფეროში, როგორიცაა: მართლმსაჯულება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, განათლება, კვლევები და ინოვაციები და ა.შ.“ „მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით. ამ შეთანხმების შედეგად, გაძლიერდა საქართველოს ეკონომიკა, დახმარება გაეწია 63 ათასი საწარმოს, შეიქმნა 2450 სამუშაო ადგილი. ევროკავშირის დახმარებით, საქართველოში გაძლიერდა მმართველობა, შეიქმნა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური, რომელმაც უფასო იურიდიული დახმარება გაუწია დაახლოებით 140 ათას ადამიანს. შეთანხმების მეშვეობით, საქართველოში გაუმჯობესდა სატრანსპორტო და ენერგო უსაფრთხოება, მწვანე ეკონომიკა“, - განაცხადა მამიკინსმა სხდომაზე გამოსვლისას. ევროპარლამენტარის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, ხელმოწერა ევროკავშირთან გრძელვადიან პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. იგი მიიჩნევს, რომ შეთანხმების პოტენციალის სრულად ასათვისებლად, საჭიროა გაფართოვდეს მისი რეგულირების სფერო და ახლავე დაისახოს ახალი ამბიციური მიზნები. "შეთანხმება ევროპის სოციალურ მოდელთან საქართველოს დაახლოების საშუალებას იძლევა და ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესის სოციალურ ასპექტებს. ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ევროკავშირის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ შესაძლოა ყველაზე ხელშესახები შედეგები გამოიღოს. სოციალურ საკითხებზე ფოკუსირება წარმოადგენს საუკეთესო სტრატეგიას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ევროპაში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში. ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს, რომელიც მკაფიოდ ახდენს თავისი ევროპული არჩევანის დემონსტრირებას. მხოლოდ ცხოვრების სტანდარტების რეალური გაუმჯობესების გზითაა შესაძლებელი საქართველოში მდგრადი და ინკლუზიური განვითრების უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას თითოეული ქართველისთვის კონკრეტული რეალური ღირებულება გააჩნია“,- განაცხადა მამიკინსმა.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)