2015-01-14 14:14:59, 339 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საჭიროდ არ ვთვლი, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა დაესწროს
ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არაა, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას დაესწროს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში სიმბოლურია და მინისტრებისა და პრემიერის იმ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა საჭიროდ არ მიაჩნია.
"ახალი კონსტიტუციით მართლაც არ არის მთავრობა ვალდებული, რომ დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. პრეზიდენტის სიმბოლური გამოსვლაა პარლამენტში. მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასეთ გამოსვლებს, ეს ჩვეულებრივი გამოსვლებია, მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი უნდა დაესწროს. ეს ჩემი პოზიციაა, მაგრამ გთხოვთ, ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, წელს არ გამეორდება. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებამ, საქართველოს საერთაშორისო და შიდა იმიჯს სიკეთე არ მოუტანა.
„იმედი მაქვს, შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, წელს არ განმეორდება, იმიტომ, რომ ამან, არავითარი კარგი, არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენ სახელმწიფოს და არც ჩვენ საერთაშორისო და შიდა იმიჯს. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს და გამონახავს დროს მოხსენებაზე დასწრების თავლსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ქუთაისშია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან