|
2017-06-09 14:45:05, 1618 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2017“ გახსნა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2017“ გახსნა. ლევან დავითაშვილმა გამოფენის ორგანიზატორებს,ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნის წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოფენა WinExpo Georgia ყოველწლიურად უფრო პოპულარული, ხოლო მასში მონაწილეობა უფრო პრესტიჟული ხდება. ,,საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ქართულმა ღვინომ მსოფლიო აღიარება უკვე მოიპოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და ექსპორტის ზრდა. ბოლო წლებში ქვეყანაში ღვინის სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენციის არსებობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს აღნიშნული გამოფენა ნათლად ადასტურებს - მონაწილეთა და ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, გამოფენის პარალელურად ტარდება ღვინის კონკურსიც, რომელსაც ესწრებიან მსოფლიოში ცნობილი ღვინის მაგისტრები და წამყვანი სპეციალისტები, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილიმა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი ჩოგოვაძემ და საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ. ცნობისთვის, წელს, WinExpo Georgia 2017-ში 97 კომპანია სხვადასხვა სახის 170-ზე მეტი სახის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენენ. გამოფენაში 11 ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობს. გამოფენის პარალელურად 9-10 ივნისს ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი იმართება. კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს 10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე გამოავლენენ და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადაეცემათ. გამორჩეულ ღვინოს უმაღლესი ჯილდო გადაეცემა. 2017 წელს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემა სახელობითი მედლები: საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო - ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი, საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო - ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი. წელს კონკურსის ჟიურის წევრები ტიმ ატიკინი - თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო) არიან. WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. WinExpo Georgia ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. გამოფენის ფარგლებში შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარების და აპარტურის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან იმართება. საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017 საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ 9-11 ივნისს ტარდება. უკვე 10 წელია გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან. (NS)
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)