02:11 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-27 01:49:41, 262 ნახვა

სამართალი
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით, ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქალაქ ბათუმში იყვნენ მობილიზებულნი.

გულშემატკივართა მსვლელობისა და უშუალოდ საფეხბურთო მატჩის მშვიდობიან ვითარებაში წარმართვის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა მიღებული უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. სამართალდამცველები განაწილებული იყვნენ როგორც „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის იმ ადგილებში, საიდანაც სტადიონის მიმართულებით გულშემატკივართა მსვლელობა იყო დაგეგმილი.

ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.

სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება. - წერია განცხადებაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics