18:45 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-11 17:25:16, 289 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ

რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას", რასაც "შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს". ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს შეეხებოდა.

"9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების [ჟენევის დისკუსიები] თანათავმჯდომარეებთან - გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში.

ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგში დგას.

რუსულმა მხარემ კვლავ ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, მათ შორის, ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რეზო კიკნაძე - ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა - ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics