16:31 - 21 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-21 14:15:08, 274 ნახვა

პოლიტიკა
რა თქვა კობახიძემ უნგრეთში, CPAC-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

ირაკლი კობახიძემ უნგრეთში CPAC-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა საქართველოს პატრიარქისადმი პატივის მიგებით დაიწყო და თქვა, რომ დღეს მთელი საქართველო გლოვაში ერთიანია.

მან დეტალურად ისაუბრა პატრიარქის ღვაწლზე - "პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა — ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა"

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო ორბან! 
პატივცემულო სტუმრებო! 
ქალბატონებო და ბატონებო!

ჩემთვის დიდი პატივია ამ გამორჩეულ აუდიტორიას მივმართო და საქართველოს სახელით ვისაუბრო ფორუმზე, რომელიც ჩვენი ერების მომავლის განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.

რადგან საერთო ღირებულებების განსახილველად შევიკრიბეთ, მსურს საუბარი დავიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის ხსოვნის პატივისცემით, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა.

მან ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში.

მისი უწმინდესობის გარდაცვალება, რომელიც 48 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარულით აავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან.

ის მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი; ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო.
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა — ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ აქ იმ დროს ვიკრიბებით, როდესაც მსოფლიო გადამწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის. ქვეყნები ვეღარ არიან დარწმუნებულნი, რომ გუშინ მოქმედი სისტემები ხვალაც იმუშავებს.

ასეთ დროს თითოეულმა ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ერთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ღირებულებები და ტრადიციები. 

საქართველოსთვის ეს კითხვა ჰიპოთეტური არ არის. უკვე 30 საუკუნეა, ჩვენი მცირე ზომის ქვეყანა ცივილიზაციების გზაჯვარედინზე დგას — აკავშირებს ევროპას და აზიას, კულტურებს, სავაჭრო გზებსა და იდეებს.

ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლეთ: ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს.

საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციასთან. ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღვნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს — გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში.

ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად. ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით — ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც თავისთავად ურთულესი ამოცანაა.

კობახიძემ სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა ევროპაზეც, ამტკიცებდა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია სუვერენიტეტს არის მოკლებული და ვერ გუობს ვერცერთ სუვერენულ მთავრობას.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე - განაცხადა "ოცნების" ლიდერმა.

კობახიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაზეც და თქვა, რომ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის დონე გააჩნია .

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, სანამ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

გლობალური გარემო დღეს მზარდი გაურკვევლობით ხასიათდება. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ტრაგიკულ ფასს - ადამიანთა სიცოცხლეს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს.

მაშინ, როდესაც საერთაშორისო სისტემა სულ უფრო მეტად ყალიბდება კონფლიქტებით, საქართველომ განსხვავებული გზა აირჩია. ჩვენ გვწამს დაკავშირებადობის და თანამშრომლობის; არ გვწამს დაპირისპირების. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნა მაშინაც კი, როცა მსოფლიო დაქუცმაცებულია.

ის სტაბილურობა, რომელსაც საქართველო დღეს ფლობს, შემთხვევითი არ არის. ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

პროგნოზირებადმა მმართველობამ და მშვიდობისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნული მდგრადობის ზრდაში. ამ მიდგომის შედეგად გამოირჩევა საქართველო; მას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის დონე გააჩნია — 2021 წლიდან საშუალო წლიური 9.3%.

ჩვენი რეგიონიც — სამხრეთ კავკასია —მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის. ახალი შესაძლებლობები იბადება მშვიდობისთვის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სტაბილურობას, დიალოგსა და რეგიონალურ პარტნიორობას. ჩვენი ხედვა ნათელია — რეგიონს უნდა განსაზღვრავდეს დაკავშირებადობის უნარი, ვაჭრობა და თანამშრომლობა, და არა კონფლიქტები ან დაყოფა.

დასასრულს, ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ რამდენად აფასებს საქართველო ამ უმშვნიერეს ქვეყასთან - უნგრეთთან - მეგობრობასა და პარტნიორობას. საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის — ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

ჩვენი პარტნიორობა მრავალ სფეროში განაგრძობს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ის კიდევ უფრო გაძლიერდება.
სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მოკლებულია სუვერენიტეტს, ვერ გუობს ვერცერთ სუვერენულ მთავრობას, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.

მათთვის მიუღებელია ეწვიო ამ ქვეყანას და იხილო ავთენტური უნგრეთი, იმ მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც არსებითად დაკარგეს საკუთარი იდენტობა.

მათთვის მიუღებელია, რომ უნგრეთი, თავისი პატრიოტული მთავრობის წყალობით, ეფექტიანად იცავს თავს გენდერული პროპაგანდისგან, მიგრაციისგან და სხვა მანკიერებისგან, რაც თანამედროვე ევროპისთვის ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში!

მსურს პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე.

დასასრულს, მსურს წარმატებები ვუსურვო მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთგულია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემის იდეისადმი, ამ მზარდი იდეოლოგიური ზეწოლის პირობებში.

ღმერთმა დალოცოს უნგრეთი! 
ღმერთმა დალოცოს საქართველო! 
დიდი მადლობა!

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო პირი ბელარუსიდან: რუსეთიდან ძალიან დიდი დელეგაცია იქნება, 80 ადამიანი
Reuters: ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩასვლას ორბანის მხარდასაჭერად გეგმავს
სამება დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, ამ დროიდან დაკრძალვაზე საშვები ამოქმედდება
გიგი უგულავა კობახიძის ვიზიტზე: მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში გამგზავრება უადგილოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics