|
2026-03-11 13:24:09, 2420 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონსისა და მაღალი დონის დელეგაციის რამდენიმედღიანი ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ მოუწოდა. „ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც ჩანს, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ მყოფი პირები მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა პერე ჟოან პონსმა. განცხადების თანახმად, დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალი არჩევნები როდესაც ჩატარდება, ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს უნდა შეესაბამებოდეს, თუმცა, დელეგაციის შეფასებით, ამ მიზნების მისაღწევად „პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია“კვლავაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომავალში ამომრჩეველი მხარს დაუჭერს მათ, ვინც კონსტრუქციული გზით ამ მისწრაფებების განხორციელებას შეეცდება. „ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას თავისი პოტენციალის გამოვლენაში. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. ამავეს ველოდებით საქართველოში მყოფი პოლიტიკური ლიდერებისგან“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრასამ. ლუის გრასას თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. „მოდით, კიდევ კიდევ ერთხელ განვმარტოთ, როგორც ოქტომბერში გავაკეთე: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მეშვეობით და არა ძალადობით, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა. ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის, ბარონესა კრისტინ ბლოუერის განცხადებით, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება საერთაშორისო ორგანოების საქმე არ არის. „აქ არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის. ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ვიხილავ“, – განაცხადა ბარონესა კრისტინ ბლოუერმა. განცხადების თანახმად, „დელეგაციამ სინანულით აღნიშნა მმართველი პარტიის წევრების მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული მცდელობები, რაც, სავარაუდოდ, გაამწვავებს განხეთქილებას და კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს“. ეუთო-ს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის თქმით, ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება. „პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და არ შეიძლება, ბოიკოტი იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“, – აღნიშნა ევროსიმა პეიოვიჩმა და ხელისუფლებას ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციამ ხელისუფლებას სთხოვა შეხვედრა იმ პირებთან, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ და სინანული გამოთქვა, რომ ამ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა. განცხადების მიხედვით, ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს ეწვივნენ, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნეს, რომ მიმდინარე ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგები კვლავ საერთაშორისო შეშფოთების საგანია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების თანახმად, აღნიშნული ვიზიტი ასამბლეის მხრიდან საქართველოსთან მუდმივი თანამშრომლობის ნაწილია, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვებისა და საპარლამენტო კოოპერაციის კუთხით. განცხადების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ რამდენიმედღიანი ვიზიტის შედეგები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომასა და ჰააგაში, ყოველწლიურ სესიაზე განიხილება.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)