02:38 - 10 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-09 21:37:43, 311 ნახვა

პოლიტიკა
ქარტია: შსს-ს მოვუწოდებთ, ჟურნალისტების დევნა შეწყვიტონ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მიერ მედიის 3 წარმომადგენლის: ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას, ნეტგაზეთის ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას და ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის მიმართ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, "გზის გადაკეტვის" ბრალდებით დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე პროტესტს გამოთქვამს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ჟურნალისტთა სამართლებრივ დევნას პროტესტის გაშუქებისას, უდგენს რა მათ სამართალდარღვევის ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სრულიად აშკარაა, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ.

შსს ტაბულას ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას 7 თებერვალს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება. ტაბულას ინფორმაციით, ამ დროს მარიამ კუპრავა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და „შაბათის მარშს“ აშუქებდა.

შსს იგივეს ედავება ნეტგაზეთის ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიასაც, ოღონდ 31 იანვარს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ დროს მარიამ ძიძარია „შაბათის“ მარშს აშუქებდა. მას ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა სამხრე ნიშანი PRESS და ჟურნალისტის ე.წ. ბეიჯი, და მუშაობდა კამერით ხელში.

მარიამ კუპრავას და მარიამ ძიძარიას საქმეებზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

ასევე, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შსს 18 თებერვალს ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს. მოსამართლემ ამ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები 6 მარტს გამოიკვლია და გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. გიორგი თარხნიშვილის ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ფოტოგრაფი იმ საღამოს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - მას ჰქონდა მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა წარწერა PRESS და ე.წ. ჟურნალისტის ბეიჯი, და მუშაობდა დიდი ზომის პროფესიული კამერით ხელში". - წერია განცხადებაში.

ქარტიის განცხადებით, შსს-ს მიზანი ჟურნალისტების დაშინებაა.

"შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტურუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ. ჟურნალისტებსა და მედიაზე სისტემური წნეხი ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს". - წერს ქარტია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და გამოგონილ საფრთხეებზე აპელირების ნაცვლად, თავისი რესურსი მოძლიერებულ კრიმინალთან ბრძოლასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე დახარჯოს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა და პუტინმა, მორიგ ჯერზე ტელეფონით ისაუბრეს
ტრამპის შვილებს პენტაგონისთვის უკრაინული დრონების ტექნოლოგიის გადაყიდვა სურთ
საფრანგეთი ირანში ავიამზიდს და სამხედრო გემებს გაგზავნის ჰორმუზის სრუტის გასახსნელად
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ის გამოძიების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი