2025-03-27 15:38:14, 576 ნახვა
სამართალი
საია - სტრასბურგის სასამართლომ „რუსულ კანონზე“ საჩივრის განხილვა დაიწყო
![]() ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო. როგორც საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგში საქმის გაგზავნიდან დღემდე ქართული ოცნების პროპაგანდა ამტკიცებდა, თითქოს საჩივარი არ გაგზავნილა, ამ ეტაპზე კი თვალსაჩინოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და სახელმწიფოს გამოუგზავნა შეკითხვები, რომლებსაც პასუხები შესაბამის დროში უნდა გაეცეს. "გვინდა გაგაცნოთ ის სიახლე, რომელიც დღეს შევიტყვეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან - სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედია-ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა ყველა იმ მუხლთან მიმართებით, რომელიც საჩივარში იყო მოცემული. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ჩვენ ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს რუსული კანონის წინააღმდეგ და ვდაობდით არაერთი კონვენციით გარანტირებული მუხლის დარღვევაზე. მათ შორის, საჩივარი შეეხება ისეთი მუხლის დარღვევებს, როგორიც არის გაერთიანების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი, ასევე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები. აი, ამ ყველა მუხლთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და სახელმწიფოს გამოუგზავნა შეკითხვები, რომლის შესახებაც უნდა იყოს შესაბამის დროს პასუხი გაგზავნილი. სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს, ამასთან დაკავშირებით არის საუბარი კორესპონდენციაში, რომელიც მივიღეთ. მსგავსი სტატუსი ენიჭებათ ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა ის სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა კანონის მიღების დროსაც. ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება არის ე.წ. "ფარას" ინიცირება და ყველასთვის ცნობილია, რომ სინამდვილეში აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ასეთ საქმიანობას არ უპირისპირდება, ხოლო ქართული ოცნების მიერ ეს არის ამ საკითხის ხელახალი ინიცირება, არის რუსული კანონის შენიღბვა და ამის სურვილი, რომ თითქოს ეს სხვა შინაარსის მატარებელია. აღსანიშნავია, რომ საქმის გაგზავნიდან დღემდე ქართული ოცნების პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო. მოგვიანებით, როდესაც საფოსტო გზავნილის ამონაწერი ამთ წარვუდგინეთ, მედიებს წარვუდგინეთ, ჟურნალისტებს პროპაგანდისტული მედიებიდან, ისინი ამბობდნენ, რომ ეს არ ადასტურებდა საქმის გაგზავნის ფაქტს და აგრძელებდნენ ამ პროპაგანდას მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს პროპაგანდა დღემდე გრძელდება. რუსული კანონი არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის საქმიანობას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვას და კრიტიკული ხმების ჩახშობას ემსახურება. ეს საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება საბოლოოდ ამ საქმის განხილვის დასრულება და ეს პოზიტიურ როლს შეასრულებს აი, ამ პროცესში, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ჩვენ მოველით, რომ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, ყველა იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი გვაქვს" - თქვა ქურდოვანიძემ. ცნობისთვის, 2024 წლის 30 მაისს ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, ევროსასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სტრასბურგმა რომ კანონის შეჩერება მოითხოვოს, გაითვალისწინებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას მთავრობა, უპასუხა, რომ მისი აზრით, სტრასბურგში მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და გამოთქვა იმედი, რომ "პოლიტიკური გავლენის ქვეშ" არ მოექცევიან. კობახიძე ასევე ირწმუნებოდა, რომ რუსული კანონი შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
,,დროა“ - პრობლემად მიგვაჩნია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ საერთო პოზიციის არარსებობა
სალომე ზურაბიშვილი - ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს
პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის ჯაშუშობისთვის ერთ პირს ბრალი წაუყენა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში
|
რედაქტორის რჩევით
სამხედროები და 2008 წლის ომის ვეტერანები ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ
![]() როგორ ასრულებს წულუკიანის ე.წ კომისია კრემლის დაკვეთას - მხოლოდ ფაქტები
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - რუსეთმა აშშ-თან შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია და ხერსონს დაარტყა
![]() წლის დასაწყისიდან პირველად, უკრაინაში ღამემ დრონებით შეტევის გარეშე ჩაიარა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|