2025-02-17 15:24:49, 457 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზამ უკრაინის ქარხნებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა - რის შემდეგაც ₾270 მილიონიან ტენდერში ერთადერთი მიმწოდებელი რუსული ქარხნები დარჩნენ
![]() საქართველოს რკინიგზას საბჭოთა დროს გამოშვებული ლოკომოტივების რემონტს ორი კონკურენტი კონსორციუმი სთავაზობს. ტენდერის ღირებულება 270 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მეშვეობით საერთო ჯამში 47 ლოკომოტივის გარემონტება უნდა მოხდეს. სატენდერო წინადადებები მომზადებულია ორი ქართული კომპანიის მიერ, რომლებიც რკინიგზას სთავაზობენ რუსული და ლატვიურ-უკრაინული ქარხნების მომსახურებას. პირველი პრეტედენტია "სკინესტ რეილ ჯორჯია", რომელიც საქართველოს რკინიგზას 266.8 მილიონ ლარად სთავაზობს უკრაინის ლვოვისა და ლატვიის დაუგავპლისის ქარხნების მომსახურებას. სატენდერო განაცხადს თან ახლავს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ამ ქარხნებს აქვთ სერტიფიკატები გაარემონტონ ლოკომოტივის ის მოდელები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ფლობს. მეორე პრეტედენტია შპს "გეორგია", რომელიც რკინიგზას ტამბოვისა და ჩელიაბინსკის ქარხნების მომსახურებას სთავაზობს. წინადადებას თან ახლავს როგორც ტამბოვის, ასევე ჩელიაბინსკის ქარხნების მენეჯმენტის წერილები, რომ ისინი მზად არიან მომსახურება გაუწიონ საქართველოს რკინიგზას. შპს "გეორგიას" განაცხადი 270.4 მილიონ ლარზე აქვს დაფიქსირებული, რაც თავად საქართველოს რკინიგზის მიერ განსაზღვრული სავარაუდო ფასის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით საქართველოს რკინიგზას მომსახურების გაწევას "გორგიაზე" 3 მილიონი ლარით უფრო დაბალ ფასად "სკინესტ რეილ ჯორჯია" სთავაზობს. ტექნიკური აღწერის მიხედვით კაპიტალური რემონტი უნდა ჩაუტარდეს 1968-1986 წლებში გამოშვებულ ВЛ10-ის 21 ელმავალს და ВЛ11-ის 15 ელმავალს, ასევე ЧМЭ-3-ის 11 თბომავალს, რომლებიც 1979-1989 წლებში არის გამოშვებული. შემკეთებელ საწარმოს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 ცალი „ვლ“ სერიის მაგისტრალური მიმოსვლის ელმავლის (ნაწარმოები/აშენებული არაუადრეს 1980 და არაუგვიანეს 2000 წლებისა) და არანაკლებ 5 ცალი „ჩმე“ სერიის სამანევრო თბომავლის (ნაწარმოები/აშენებული არაუადრეს 1980 და არაუგვიანეს 2000 წლებისა) "კრ-2“ მოცულობის საქარხნო კაპიტალური შეკეთების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. ჯერჯერობით საქართველოს რკინიგზის სატენდერო კომისიას მიღებულ წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა არ მოუმზადებია. რაც შეეხება წინა შესყიდვებს, შპს გეორგიამ 2024 წლის მარტში გაიმარჯვა საქართველოს რკინიგზის 54-მილიონიან შესყიდვაში სადაც ერთადერთი პრენტედენტი იყო. ტენდერი 8 თბომავლის და 8 ელმავლის შეკეთებას შეეხებოდა. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ჩელიაბინსკისა და მოსკოვის ქარხნების მიერ სრულდება. შპს "გეორგიამ" 2023 წლის დეკემბერში ასევე გაიმარჯვა 13 ახალი ლოკომოტივის შესყიდვის $80.5-მილიონიან ტენდერში, რომლითაც კომპანია ვალდებული იყო საქართველოს რკინიგზისთვის მიეწოდებინა რუსული კომპანია Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებული ახალი ლოკომოტივები, თუმცა 2024 წლის აგვისტოში საქართველოს რკინიგზამ ამ შესყიდვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს "გეორგია" 1995 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილია. რაც შეეხება კომპანია "სკინესტ რეილ ჯორჯიას", ის ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის მიერ არის დაფუძნებული. კომპანია საქართველოში 2011 წლიდან საქმიანობს და ის ესტონური "სკინესტ რეილის" საკუთრებაშია. კომპანიამ 2023 წელს გაიმარჯვა რელსების შესყიდვის 17-მილიონიან ტენდერში, ხოლო 2020 წელს კი საქართველოს რკინიგზისთვის ტრანსფორმატორების მიწოდების 10-მილიონიან ტენდერში. შეგახსენებთ, 2020 წლის 1 მაისს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე აიტვირთა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ რუსული კომპანიისგან, რომელიც ძირითადად რუსულ სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებს, მნიშვნელოვანი შესყიდვა გააფორმა. „საქართველოს რკინიგზამ“ კომპანიისგან, რომელიც რუსულ სახელმწიფო საწარმოებს ემსახურება, სპეციფიკური სამედიცინო ტექნიკა შეიძინა. ამ მოწყობილობის მეშვეობით „საქართველოს რკინიგზა“ ყოველდღიურად შეამოწმებს ათეულობით საკვანძო თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამ მონაცემებს ავტომატურად შეინახავს საერთო სერვერზე. რუსული კომპანიის ინჟინრებმა ტექნიკა თავად დაამონტაჟეს რკინიგზის რამდენიმე ობიექტზე, გამართეს პროგრამულად და გადაამზადეს ქართველი სპეციალისტები. რკინიგზის ამ გადაწყვეტილებით, სისტემა მთლიანად რუსულ ტექნიკაზე აეწყო. ახლა უკვე მისი მომსახურება მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით მოხდება. გარიგების დეტალები რკინიგზის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ АСПО-ს სისტემა 2019 წლის აგვისტოში გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე, შეიძინა. რკინიგზა ტენდერის გარეშე შეძენის ნებართვას შესყიდვების სააგენტოს ნოემბერში სთხოვს და ასე ასაბუთებს ამის აუცილებლობას: ეს რუსული ტექნოლოგია უნიკალურია, მისი ანალოგი ევროპულ ქვეყნებში არ მოიძებნება, მხოლოდ ეს სისტემა შეესაბამება რკინიგზის მოთხოვნებს, თავსებადია რკინიგზის უკვე არსებულ სისტემასთან და ამიტომ არის აუცილებელი რუსული დანადგარის შეძენა. რკინიგზამ სააგენტოს დოკუმენტაციას თან დაურთო რუსული კომპანიის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს რკინიგზას“, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, სისტემას ფასდაკლებით, წინა წლის ფასით, მიჰყიდის. რკინიგზის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ იგივე სისტემა 2014 წელს უკვე დაინერგა „საქართველოს რკინიგზის“ 6 ობიექტზე და დანარჩენ 4-შიც აუცილებელია იდენტური სისტემის დამონტაჟება. მორგებული ტენდერი რუსული კომპანიის თანამშრომლებმა, ხელშეკრულების მიხედვით, 50 ქართველი თანამშრომელი გადაამზადეს. დღეს სწორედ ამ ტენდერით შეძენილ ტექნიკასთან თავსებადობას ასახელებს რკინიგზა იმავე რუსული ტექნიკის უტენდეროდ შესყიდვის მთავარ არგუმენტად. 2013 წლის ტენდერის მასალები სრულიად ხელმიუწვდომელია, თუმცა სატენდერო მოთხოვნისა და კომპანია „სისტემური ტექნოლოგიების“ შეთავაზების შედარება ცხადყოფს, რომ ტენდერის მოთხოვნები მაშინაც ამ კომპანიის წარმოებულ აპარატურაზე იყო მორგებული. რკინიგზის მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრების დიდი ნაწილი სრულ თანხვედრაშია რუსულ აპარატთან. ამას ადასტურებს ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტების შედარება. რკინიგზის მიერ მოთხოვნილი პარამეტრები თანხვედრაშია რუსულ აპარატთან რატომ არის რუსული აპარატურა მისაღები სტრატეგიული ობიექტისთვის? მაშინ, როდესაც მემანქანეების ჯანმრთელობის მდგომარეობის საკვლევად რკინიგზამ პირველად შეიძინა რუსული ტექნიკა, „საქართველოს რკინიგზას“ მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა. ბახტაძე, რომელსაც მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, რკინიგზის მცოდნე ადამიანების თვალში რუსული რკინიგზის მიმართ კეთილგანწყობილი ჩანდა. „ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამდით ეჭვებს, რომ ბახტაძე დაკავშირებული იყო რუსულ რკინიგზასთან და კეთილგანწყობილი იყო რუსული რკინიგზის მიმართ, თუმცა რა იყო მისი, როგორც მენეჯერის, მიზანი, ნამდვილად არ ვიცი“, - ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა. მისი თქმით, სწორედ ბახტაძის დროიდან დაიწყო ქართული რკინიგზის რუსულთან დაახლოება: „მისი მმართველობის დროს აპირებდნენ ელმავლებზე კამერების დამონტაჟებას, რომლებიც მემანქანის და მისი თანაშემწის გამოსახულებას და ხმას ჩაიწერდა. მაშინ არგუმენტად ჰქონდათ, რომ ასეა რუსეთში და გვიფრიალებდნენ რუსეთის რკინიგზის წერილს ამ საკითხზე. გახმაურებული ამბავია, რომ ბახტაძე გადასცემდა ქართველ რკინიგზელებს რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის ხელმოწერილ მადლობის სიგელებს. ამის დამადასტურებელი ფოტოებიც იძებნება დღემდე“.
30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა - პუტინის პოზიცია ტრამპს რთულ მდგომარეობაში აყენებს - WSJ
CBS - ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
14 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
![]() რეალობას აცდენილი ოცნების ხელისუფლება და ფარული ისტერია MEGOBARI Act-ზე
ომი უკრაინაში30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა - პუტინის პოზიცია ტრამპს რთულ მდგომარეობაში აყენებს - WSJ
რუსეთის ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ დაიწვა
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() მოქმედებს თუ არა შსს და გომელაური პუტინის რეჟიმის დავალებით, როცა რუს აქტივისტებს სამუდამოზე უშვებს
მთავარი თემა
|