|
2024-05-09 17:07:37, 466 ნახვა
პოლიტიკა
„ვეღარ ვხედავ ჩემს როლს - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“ - საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს. ჯავახიშვილის განცხადებით, ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: "ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს". "ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: "ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“. 30 წელია, ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, 10 წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა-მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში. იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის. პირადად მე არავის ვიცნობ ჩემ ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს. ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. ასევე, გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა, ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი. თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი. მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი",- ნათქვამია გოჩა ჯავახიშვილის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)