სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, სხვა ქვეყნის კონსტიტუციით, პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებს შორის დიპლომი მოხსენიებული არ არის.
„სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას არ სჭირდება დიპლომი. ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს? პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიმართ დიპლომს რომ არ ვითხოვთ, ამას თავისი საფუძველი აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.
სამმართველოს უფროსის მოადგილის ცენზში შეიძლება ეწეროს მოთხოვნა მაგისტრის დიპლომზე, მაგრამ პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრთან დაკავშირებით არ ეწეროს. სწორედ ეს არის დემოკრატიული მიღწევა. პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. აგერ, ორ-ორო დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“- განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,