ყაველაშვილი - ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ
2024-11-27 11:29:11

პოლიტიკა

ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი,- ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საზოგადოებაში არსებობს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომლის „უფრო მეტად გამძაფრებასაც ქვეყნის არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან“.

„პირველ რიგში დავიწყებ მადლობით, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ ასეთი რთული გამოწვევების ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა რომ მიწევს ამ ადამიანთან ერთად და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა, ასე ვთქვათ, მომანიჭა. ასევე ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობას, უმრავლესობის თითოეულ წევრს განსაკუთრებული მადლობა ამ ნდობის გამოცხადებისთვის.

რა თქმა უნდა გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებული, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები" ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ არის სიყვარული გამაერთიანებელი. მე გულწრფელად და მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა და დაგპირდეთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ საქართველოს საზოგადოება; დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება. დარწმუნებული ვარ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ფარავდეს უფალი ჩვენს ქვეყანას, დიდი მადლობა ყურადღებისათვის და კარგად ბრძანდებოდეთ“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


სონღულაშვილი - ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით, მარკეტინგული აქტივობები განხორციელდება
სონღულაშვილი - სოფლის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები გაგრძელდება​
სონღულაშვილი - 2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება