კოალიცია „ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეს მიმართავს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, კოალიცია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას გეგმავს.
„ჩვენ მივმართავთ ცესკოს დღეს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა - ეს არის ალტერნატიული პარლამენტის - „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეა - იმ არჩეული და მოპარული ხმების დაანგარიშებით დეპუტატების საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პირების აქტიური ჩართულობით, შევქმნათ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, მოვთხოვოთ დასავლეთს ამ ცენტრის აღიარებას“,- განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სესია გაიხსნა. პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. „ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, გუშინვე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ საპარლამენტო სიის ჩახნასთან დაკავშირებით ცესკოს ოფიციალურად მიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,