პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები ჩაკეტა - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განლაგებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა და უკანა შესასვლელებთან. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებს შლიან.
პარლამენტის წინ ამ დროისთვის, 4 კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეებს კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილი აქვთ წყალი, საკვები, „პარალონები“, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები.
მანამდე, პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი რესპულიკის მოედნიდან მსვლელობით გადაინაცვლეს.
მსვლელობაში, მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური კოალიციების ლიდერებიც მონაწილეობდნენ.
ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენონ, ხვალ კი, გააპროტესტონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,