თბილისში კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს
2024-11-24 18:31:11

პოლიტიკა

თბილისში, კულტურის სფეროს წარმომადგენლების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

პროფესორ-მასწავლებლებმა, დაახლოებით, 17:00 საათზე შეკრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს და მსვლელობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს.

„ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო სივრცეების, ინსტიტუტების ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიტაცებას. ამასთან ერთად, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ ასევე არ დავუშვებთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების - ომარ ოკრიბელაშვილის, საბა მეფარიშვილის, მათე დევიძის, ისაკო დევიძის, დავით წოწორიას თავისუფლების აღკვეთას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების აღკვეთასთან შეგუებას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, პირველ რიგში ვამბობთ, რომ ბოლომდე ვიბრძლებთ ამ ახალგაზრდების დასაცავად და ასევე, ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებად არსებული ავტოკარატიული პოლიტიკური რეჟიმისგან“, - აღინიშნა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მარშის დაწყებამდე.

რაც შეეხება კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ისინი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრების შემდეგ, ასევე თსუ-სკენ გაემართნენ.

„უნივერსიტეტთან, ჯერ ერთი იმიტომ მივდივართ, რომ ამ მთავრობას, მე მგონი, განათლება აკლია იმიტომ, რომ არ იცის არც საქართველოს ისტორია, არც კულტურის ისტორია, არც ჩვენი ხალხის, საერთოდ ძალიან შორს არის ყველაფერი იმისგან, რასაც საქართველო, თავმოყვარეობა, ღირსება და სამშობლოს სიყვარული ჰქვია. ჩვენ დღეს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა დღევანდელმა მთავრობამ, რომ მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ დავეთანხმებით და ვერ შევეგუებით იმ საშინელებას, რასაც ჰქვია რუსეთის გუბერნიაში შესვლა, სადაც მათ მივყავართ, მიჰყავთ ეს ფანტასტიკური ქვეყანა. ეს არ არის ჩვენი არც მიზანი, არც ისტორიული მისია. ახალგაზრდებს მე რა უნდა ვუთხრა, ახალგაზრდებმა უნდა მითხრან. მე მარტო მადლიერი ვარ, რომ ისინი ასეთი ენთუზიაზმით, ასე მხნედ და იმედიანად ცდილობენ, რომ უფრო ნათელი, კეთილი, თავისუფალი გზისკენ, ევროპისკენ წაიყვანონ ეს ქვეყანა და თავისი ცხოვრება, რაც მთავარია“,- განაცხადა რეჟისორმა, ნანა ჯორჯაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

როგორც  ცნობილია, ორივე მსვლელობის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიიდან 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, რის შემდეგაც ისინი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა
მიხელსონი - საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია
TI - 25 ნოემბრის პარლამენტის სხდომა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
პრეზიდენტი - საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია