ბოკუჩავა - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპული მომავლის გადასარჩენად დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა
2024-11-23 10:03:50

პოლიტიკა

დღეს ჩემთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა! ზუსტად 21 წლის წინ, გიორგობა დღეს, მომავალმა სძლია წარსულს, სინათლემ ჩაანაცვლა წყვდიადი, კეთილმა - ბოროტება, განუკითხაობა და უიმედობა, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

 ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული მომავლის გადასარჩენად დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია.

"ეს არის მოვლენა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. სწორედ ამისთვის ისჯება დღეს მიხეილ სააკაშვილი, მას ვერ პატიობენ ქვეყნის დიდ წარმატებას, ქართველებში იმ იმედის გაჩენას, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია! დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი, ღირსეული ევროპული სახელმწიფო!

ისტორიული უსამართლობაა, რომ უკვე მეოთხედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ თარიღს, გიორგობა დღეს რუსულ საპატიმროში ხვდება. ეს არის ეროვნული სირცხვილი.

სიმბოლურია, რომ "ვარდების რევოლუციის" 21 წლისთავს დაემთხვა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ინტერვიუ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

როგორც ყოველთვის, გიორგიმ მაყურებელს ფრიად საინტერესო ინტერვიუ შესთავაზა. თუმცა, განცვიფრებული და უნდა ვაღიარო, უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ დაუსვა კითხვა, რომელიც ჩვენ თანამოქალაქეთა დიდ უმრავლესობას ექნებოდა მასთან: რატომ არ იყენებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის ხელთ არსებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და არ იწყალებს პრეზიდენტ სააკაშვილს?

როცა პრეზიდენტი ზურაბიშვილი თვლის, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომ ივანიშვილმა ქართველ ხალხს რუსული სპეცოპერაციით თავისუფალი არჩევანი მოპარა, რომ სწორედ რუსული რეჟიმის გავლენის ქვეშაა ყველა სახელისუფლებო შტო და უწყება საპრეზიდენტო ინსტიტუტის გარდა, სასამართლოს ჩათვლით - რა ახსნა აქვს მისი მხრიდან რუსულ სატუსაღოში პუტინის პოლიტიკური პატიმრის დატოვებას?

პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანა პოსტსაბჭოთა წყვდიადიდან გამოიყვანა და ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია, როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად.

გულდასაწყვეტია, რომ ამ შეკითხვის არ დასმით, ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელმა ჟურნალისტმა არ გამოხატა საქართველოს უამრავი მოქალაქის მთავარი კითხვა და გულისწუხილი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

მჯერა, "ვარდების რევოლუციის" იდეას - ქართული წარმატებული, ევროპული სახელმწიფოსი ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ყველა დაბრკოლების მიუხედავად და აღარასოდეს დავბრუნდებით რუსეთის ბნელეთში, საიდანაც 2003 წლის 23 ნოემბერს ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით “ვარდების რევოლუციით” იხსნა ჩვენი ქვეყანა.,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია''! თავისუფლება მიშას! გილოცავთ გიორგობას!" - წერს ბოკუჩავა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთთან ომის შემთხვევაში ბუნკერების სიის შედგენა დაიწყო
გულუხვი დონორი და ღიად გეი, ვინ არის სკოტ ბესენტი, რომელიც ტრამპმა ფინანსთა მინისტრად წარადგინა
გაერო - 2023 წელს 85 ათასი ქალი და გოგონა გახდა ფემიციდის მსხვერპლი
„სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატოში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“ - რუტე ერდოღანს შეხვდა