15:10 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 15:05:15, 206 ნახვა

ეკონომიკა
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაბიტაშვილმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების პროექტზე წარდგენილ დასკვნაში რამდენიმე შენიშვნა და ფისკალური რისკი გამოკვეთა.

გაბიტაშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რისკები შემდეგ საკითხებს უკავშირდება:

  • ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და შემოსულობები: ბოლო წლებში საპროგნოზო და ფაქტობრივ ეკონომიკურ ზრდას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება, რაც ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზის ფორმირებაზე აისახება და რესურსების ოპტიმალური განაწილებისთვის შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს.
  • 2027 წლის ასიგნებების წინასწარ ასახვა: 2027 წლის ღონისძიებებისთვის საჭირო ასიგნებების 2026 წლის ბიუჯეტში წინასწარ ასახვისას, თუ ამ რესურსების ნაწილი 2026 წელს აუთვისებელი დარჩება და მომდევნო წელს გამოიყენებენ, ეს 2027 წლის ხარჯებს გაზრდის და ბიუჯეტის დეფიციტზე დამატებით წნეხს შექმნის.
  • კაპიტალური ხარჯების შემცირება: ნაერთი ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები 894 მილიონი ლარით (მშპ-ის 7.1%-დან 6%-მდე) მცირდება, რაც ძირითადად კაპიტალური პროექტების განხორციელების შეფერხებით არის გამოწვეული.
  • არასრული დოკუმენტაცია და დანართები: კანონპროექტს არ ახლავს განახლებული კაპიტალური პროექტებისა და პროგრამული ბიუჯეტის დანართები, ასევე განახლებული ინფორმაცია სსიპ-ებისა და აიპ-ების ფინანსური მაჩვენებლებისა და ცალკეული საინვესტიციო პროექტების ცვლილების მიზეზების შესახებ, რაც ცვლილებების გავლენის სრულყოფილ შეფასებას ართულებს.

2027 წლის ასიგნებების 2026 წლის ბიუჯეტში წინასწარ ასახვასთან დაკავშირებით კი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა:

„კანონპროექტი ითვალისწინებს 2027 წელს განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებების წინასწარ ასახვას 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემული გარემოება საყურადღებოა 2027 წლის ფისკალური პარამეტრების შეფასებისას, ვინაიდან 2026 წლის ბიუჯეტში ასახული, თუმცა ფაქტობრივად აუთვისებელი რესურსების 2027 წელს გამოყენება გაზრდის ამ წლის ხარჯვის ნაწილს, რამაც შესაძლოა, დამატებითი წნეხი შექმნას ბიუჯეტის დეფიციტზე“.

ამავდროულად, დასკვნის შეჯამებაში აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი შემოსულობები და გადასახდელები არსებული დაშვებებისა და მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით, საფუძვლიანად და კანონიერად შეიძლება, შეფასდეს.

პლენარულ სხდომაზე განხილვის პროცესში ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც თქვა, რომ "საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოდგენილ ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს შენიშვნები არ აქვს".





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics