16:19 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 15:24:41, 286 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას

მურთაზ ზოდელავა გააფორმებს თუ არა საპროცესო შეთანხმებას, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, აქ ფაქტია, რომ 4 ოქტომბერი იყო დანაშაული ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე, ლიდერები მოუწოდებდნენ საზოგადოებას 4 ოქტომბერს შეკრებილიყვნენ, მშვიდობიანი დამხობის გზით აპირებდნენ ხელისუფლების შეცვლას, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საპრცესო შეთანხმების გაფორმება მათი უფლებაა, თუმცა ციხეში რჩებიან მოქალაქეები, ვინც ამ ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში და უნდა აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას.

„გამოვიდნენ და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აპირებდნენ, დაეწყოთ დილით და დაემთავრებინათ საღამოს. მათი გადასაწყვეტია, მიიღონ შეწყალება, მაგრამ, როდესაც გამოვლენ, აუხსნან საზოგადოებას, როგორ მოხდა 4 ოქტომბრის დაგეგმვა, როგორ განახორციელეს, ვინ განახორციელა. ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანები ციხიდან თუ გამოდიან, იქ რჩებიან მოქალაქეები, ვინც ამ ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ, აუხსნან იმ მოქალაქეებს, მათ ოჯახის წევრებს, საზოგადოებას, როგორ აპირებენ იმ ადამიანების დახმარებას, ვინც მათი უპასუხისმგებლო ქმედების გამო დღეს ციხეში არიან.

რაც შეეხება „ოცნების“ მიდგომას, „ოცნება“ ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციულ-რევოლუციურ სცენარს სათავისოდ იყენებს. ჩვენ არაერთხელ, მათ შორის 4 ოქტომბრამდეც, მოვუწოდებდით საზოგადოებას, რომ ეს იყო „ოცნების“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც აღასრულეს სწორედ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა. ეს ადამიანები როდესაც აწერენ ხელს საპროცესოზე, „ოცნების“ პასუხისმგებლობაა ის, რომ ორგანიზატორებზე ადრე შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები უნდა გაეთვალისწინებინათ“, – აღნიშნა ფარულავამ.

მისივე შეფასებით, 4 ოქტომბერს დაშვებული შეცდომით დაზიანდა მშვიდობიანი პროტესტი.

„ამ ადამიანების გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელი იყო მაშინაც, როდესაც 4 ოქტომბერი დაგეგმეს და მოქალაქეებს მოუწოდეს ამ რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლისკენ. ეს თავიდანვე იყო პროვოკაცია, დანაშაული და შეცდომა, რაც შეგნებულად და მიზანმიმართულად გააკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი გადასაწყვეტია, თუ აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას,
მაგრამ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ შეიყვანეს შეცდომაში, რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული, რომლითაც დააზიანეს მთლიანად პოლიტიკური პროცესი, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც იყო ძალიან მძლავრი 4 ოქტომბრამდე“, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. მათი პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს არის დანიშნული.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics