|
2026-04-14 13:14:25, 5460 ნახვა
სამართალი
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] განცხადებით, საქართველოს ემიგრანტი მოქალაქეების საარჩევნო უფლების დასაცავად სტრატეგიული სამართალწარმოება დაიწყეს. საია საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სარჩელით. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას. საიას შეფასებით, აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს - ამ მუხლით გარანტირებულია საყოველთაო საარჩევნო უფლება. "ახალი რეგულაცია არ ემსახურება არავითარი ღირებული კონსტიტუციური ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ფაქტობრივად, ის ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით, რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გასათვალისწინებელია ის, რომ სწორედ ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ შრომის ფასად მიღებული შემოსავალი ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც თავად ემიგრანტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ მთლიანი შიდა პროდუქტის 13.3% შეადგინა, რაც საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით მე-17 ადგილზე არსებულ ქვეყნად აქცევს, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მხოლოდ იმ შემთხვევებში მიჩნევს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას დასაშვებად , როდესაც სახელმწიფოს რეალურად არ აქვს რესურსი ყველა ქალაქში გახსნას საარჩევნო უბნები, ამავე დროს, საპარლამენტო არჩევნების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების ბაზაზე მუდმივად იხსნებოდა საარჩევნო უბნები და სახელმწიფოს მუდმივად ჰქონდა როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსი უზრუნველეყო ამ უბნებზე მყოფი ადამიანების ნების თავისუფალი გამოხატვა. სწორედ ამ შენობებზე ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და არა მიმღები სახელმწიფოს მართლწესრიგი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს სრულფასოვანი შესაძლებლობა ორგანიზება გაუწიოს არჩევნებს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლების ნების თავისუფალი გამოხატვა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ახალ რეგულაციას სწორედ ქართულ არჩევნებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით ამართლებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და დიპლომატიურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების გახსნას არჩევნების ჩატარებისას. ამრიგად, საარჩევნო უფლების დაცვის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო რჩება იმ ძირითად ქვეყნისშიდა მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვა. ამავე დროს, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში, დიდი სამართლებრივი, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეების განხილვის გაჭიანურებამ სერიოზულად დააზიანა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმის ეფექტიანობა. ადამიანის უფლებებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმეების გაჭიანურება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის იმ უფლებებს, რომელთა დაცვასაც ეს სარჩელები ემსახურება. საია ამ სარჩელით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში ასევე, გეგმავს, ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას". - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)