|
2025-12-09 19:30:59, 302 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტმა განათლების რეფორმის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
ივანიშვილის პარლამენტმა განათლების სისტემის რეფორმის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. უმაღლესი განათლების სისტემის კანონში ცვლილებებს მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 3. ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს იმედი LIVE-ის ეთერში, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა. კობახიძის თქმით, ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ "ამბიციური მიზანი", რომ საქართველოშიც იგივენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში. ივანიშვილის პრემიერმა რამდენიმე ასპექტი გამოყო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი და რუსთავი უნდა დაიტვირთონ როგორც საუნივერსიტეტო ქალაქები. მისი თქმით, ყურადღებას მიაქცევენ რეგიონულ უნივერსიტეტებსაც, რათა გაძლიერდეს მათი რესურსები და შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება.
კობახიძის თქმით, დაცული იქნება პრინციპი "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი", რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ქალაქში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც მისი თქმით, გამოიწვევს რეორგანიზაციას. ივანიშვილის პრემიერმა ასევე თქვა, რომ ქვეყანაში იქნება ორი ძირითადი კერა, რომელიც დაფარავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. ეს იქნება თბილისი პლუს რუსთავი და ქუთაისი. რეგიონებში არსებული უნივერსიტეტები კი პროფილურები იქნება. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ განათლების ამჟამინდელი ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, საჭიროა სისტემის "არსებითი შეცვლა", რის გზასაც, მისი მტკიცებით, ქართული ოცნება სთავაზობს საზოგადოებას. მისი აზრით, გარკვეული კორექტივების შეტანა შეიძლება, თუმცა არ თვლის, რომ რაიმე არსებითად შეიძლება შეიცვალოს.
ივანიშვილის პრემიერმა ისაუბრა იმაზეც, რომ დღეს პროფესორ-მასწავლებლები იშვიათად უთმობენ მთელ თავიანთ დროს სწავლებას, რადგან არ აქვთ მოტივაცია. სტიმულის მისაცემად, მისი თქმით, უნდა გაზარდონ ხელფასები და გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა. მან ასევე თქვა, რომ იმ მიმართულებებისთვის, სადაც დეფიციტურია ქართველი მაღალკვალიფიციური კადრები, ჩამოიყვანენ ისეთ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც პენსიაზე არიან გასულები და სტუდენტების გარდა ,გადაამზადებენ ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსაც.
კიდევ ერთი ცვლილება, რასაც ქართული ოცნება საუნივერსიტეტო სწავლებაში გეგმავს, არის ის, რომ ბაკალავრიატი გახდეს 3 წელი, ხოლო მაგისტრატურა-1 წელი. ეს, სავარაუდოდ, შეეხება ყველა ფაკულტეტს, გარდა სამედიცინოსი.
ირაკლი კობახიძის თქმით, სკოლები შესაძლოა 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე გადავიდნენ. TV IMEDI-ს ეთერში კითხვაზე - შეუქმნის თუ არა ეს პრობლემას მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, კობახიძე პასუხობს, რომ ხელისუფლებას უნდა, "ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და აქ მიიღონ მაღალი დონის განათლება". მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია ყველა ქალაქში იყოს თანაბარი ხარისხის სწავლება, იყვნენ თანაბრად კვალიფიციური მასწავლებლები, რაც ახლა არ არის.
ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი შეისწავლიან შრომით ბაზარს და შემდეგ განსაზღვრავენ პრიორიტეტულ მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს ცვლილებები არ შეეხებათ. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბევრი მიმართულებით ელოდებიან ეკონომიას, თუმცა არა პროფესორების გაშვების ხარჯზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი მზად არიან დისკუსიისთვის ნებისმიერ ადამიანთან, "თუ იქნება ჯანსაღი და ობიექტურ სახელმწიფო ინტერესებზე." ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 3 დეკემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში უნივერსიტეტების სახელმწიფო გრანტებთან დაკავშირებით ცვლილებებზე ისაუბრა. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მოქმედ სტუდენებს არსებული გრანტები შეუნარჩუნდებათ, 2026 წლიდან კი კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ პარლამენტის სხდომაზე განმარტა, რომ ოცნების გადაწყვეტილებით, სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული კვოტირების პრინციპის მიხედვით, უფასოდ ისწავლონ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეებზე. ამასთან ერთად, ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობის კვოტირება "მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს". ცნობისთვის, მიქანაძის ცნობით, შემდეგი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს. 2 დეკემბერს გივი მიქანაძემ ოცნების ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას მომავალი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. მიქანაძის ცნობით, რეფორმის ფარგლებში, მე-11 კლასის მოსწავლეები სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. ამასთან ერთად, ოცნების გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. ახალი წესის თანახმად, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლა შეეძლებათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ. ივანიშვილის განათლების მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სკოლებში სახელმძღვანელოები შეიცვლება და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან. განათლების სამინისტროს მხირდან იგეგმება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა. ცვლილებების ფარგლებში, სკოლებში მეთორმეტე კლასი ნებაყოფლობითი იქნება და მისი გავლა მოსწავლეებს რეგისტრაციის შემდეგ შეეძლებათ. ივანიშვილის განათლების მინისტრის თქმით, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო ბადე, სადაც მსურველები გაივლიან რეგისტრაციას და გააგრძელებენ მე-12 კლასში სწავლას.
ბრიტანეთის საელჩო ბოდიშის მოთხოვნაზე: BBC დამოუკიდებელია, ეს მათი გადასაწყვეტია
ივანიშვილის პარლამენტმა განათლების რეფორმის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
ივანიშვილის პარლამენტმა აქციების კანონის გამკაცრებას I მოსმენით მხარი დაუჭირა
WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)