2025-02-19 02:15:43, 385 ნახვა
ქვეყანა, სადაც ოცნებები ტრაგედიად იქცა
![]()
„ქართული ოცნების“ მმართველობამ საზოგადოებას ოცნებების ახდენის იმედი ჩაუსახა. ბევრმა დაიჯერა, რომ ეს ძალა უკეთეს მომავალს მოუტანდა ქვეყანას, თუმცა წლების განმავლობაში მომხდარმა ტრაგედიებმა აჩვენა, რომ რეალობა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. ხელისუფლება ყოველთვის ოსტატურად უვლიდა გვერდს პასუხისმგებლობას და ბრალს ხან წინა ხელისუფლებას, ხან გარემო ფაქტორებს, ხანაც კი ბრმა შემთხვევითობას აბრალებდა. მაგრამ ფაქტია – სათანადო კონტროლის, უსაფრთხოების ზომებისა და ადეკვატური რეაგირების არარსებობამ უამრავი ტრაგედია გამოიწვია. ტრაგედიები, რომლებიც შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა ქრონოლოგიურად გადავავლოთ თვალი იმ მოვლენებს, რომლებიც სახელმწიფო გულგრილობისა და უყურადღებობის გამო ადამიანური მსხვერპლით დასრულდა: • 2012 წლის 30 სექტემბერი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. • 2015 წლის 10 მაისი – ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. • 2015 წლის 13 ივნისი – ვერეს ხეობაში მომხდარმა წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. • 2017 წლის 24 ნოემბერი – ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. • 2017 წლის 1 დეკემბერი – ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას 16 წლის დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ემსხვერპლნენ. • 2017 წლის 26 დეკემბერი – პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს. • 2018 წლის 28 თებერვალი – თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი შუშის შედეგად 13 წლის ბავშვი დაიღუპა. • 2019 წლის 11 დეკემბერი – 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. • 2020 წლის 3 თებერვალი – ნარგიზა გველესიანი ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად ხანძარს ემსხვერპლა. • 2020 წლის 19 ივნისი – 19 წლის გიორგი შაქარაშვილი სასტიკი ძალადობის შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა. • 2021 წლის 8 ოქტომბერი – ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. • 2021 წლის 13 ოქტომბერი – ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. • 2023 წლის 12 მარტი – ბათუმის ბულვარში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებული ბატუტი ქარმა გაიტაცა, რასაც 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. • 2023 წლის 3 აგვისტო – შოვში, ღვარცოფული მეწყერის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა. • 2025 წლის 15 თებერვალი – ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 5 და 8 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. 2025 წლის 27 იანვარს, აფხაზეთიდან დევნილმა კაცმა დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითმკვლელობა თავის დაწვით სცადა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, გადაერჩინათ გარდაიცვალა. წლების მანძილზე სახლის მოლოდინში მყოფმა კაცმა, ხელისუფლების ყურადღების მიქცევის მიზნით რადიკალურ ზომას მიმართა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ტრაგედიებისა, რომლებიც შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა, სახელმწიფო პასუხისმგებლობას რომ გრძნობდეს. ხელისუფლების უპასუხისმგებლობა – მთავარი პრობლემა ამ ტრაგედიების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ერთი და იმავე სქემით მოქმედებდნენ: • თავის მართლება – „კერძო საკუთრებაა, არ გვეხება“, „სტიქიას ვერავინ გააკონტროლებს“. • ბრალის გადაბრალება – „წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა“, „შემთხვევითობაა“. • დაზარალებულების დროებითი დახმარება – მხოლოდ მედიის ზეწოლის შემდეგ. მაგრამ რეალობა ერთია – ამ კატასტროფების უმეტესობა შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა, სათანადო კონტროლი, უსაფრთხოების ნორმები და ეფექტიანი მართვა რომ გვქონოდა. სად არის პასუხისმგებლობა? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო პასუხს აგებს თავის მოქალაქეებზე, ამ მასშტაბის ტრაგედიების შემდეგ მთავრობის წევრები გადადგებოდნენ. საქართველოში კი პირიქით – სისტემამ დანაშაული მიიჩქმალა, ზოგიერთი მაღალჩინოსანი კი დაწინაურდა კიდეც. ვინ აგებს პასუხს მომდევნო ტრაგედიაზე? ან კიდევ რამდენი მსხვერპლი უნდა გაიღოს საზოგადოებამ, სანამ სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, საკუთარ ფუნქციებს შეასრულებს? ამ კითხვებზე ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. მაგრამ ქვეყანა, სადაც ოცნებები უნდა ახდენილიყო, რეალურად მხოლოდ ტრაგედიების მატარებელი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() დიდი ოცეული - მნიშვნელობა და პოლიტიკური გავლენა
ტრამპს რუსული თამაშის ფონზე, ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ეძაბება
ომი უკრაინაში![]() კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რომ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა 2025 წლის ბოლომდე მიღწეული იქნება
ანტონიო კოსტა - გადავწყვიტეთ ჩავიდეთ კიევში, რათა დავადასტუროთ მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ზელენსკის მიმართ
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
|