2025-01-18 11:22:19, 319 ნახვა
პოლიტიკა
რატომ გადადგნენ ბულგარეთში, ლიეტუვაში, ნიდერლანდებსა და ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩები თანამდებობიდან? - პირველი განცხადებები
საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონიამ და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ თავისი პირველი საჯარო დისკუსიის ფორმატში პირველად ისაუბრეს თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე, სიმარტივესა და სირთულეზე. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატისთვის, ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა არც ისე მარტივი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს, მათ „თეთრსა და შავს“ შორის არჩევანი გააკეთებინათ. ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი ბულგარეთში: "ეს პირველ რიგში პრინციპების და ფასეულობის ერთგულების საკითხია, რასაც 2 ათწლეულზე მეტია ვემსახურები. ჩემთვის საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ განუხრელი მხარდაჭერა, მუშაობა ამ საკითხებზე, ძალიან პრინციპული საკითხია. რაც კრიტიკული და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილებაში, ეს არ იყო მხოლოდ ერთ დღეზე დაფუძნებული, ერთ განცხადებაზე, ამას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი როგორც შიდა ისე საგარეო კუთხით საკითხები. ჩემთვის, როგორც დიპლომატისთვის ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების გადახედვას, ამ გზიდან გადახვევას კატეგორიულად მიუღებელია. ასევე ამოიწურა მუშაობის სივრცე, იმდენად, რომ ჩემ თავს ამ კუთხით ოპერირების და ხალხის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ვეღარ ვხედავდი. მინდა აღვნიშნო, რომ კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა დაპატიმრებულ მოქალაქეს, რომლებმაც გამოხატეს აზრი ქუჩებში. ეს იყო მთავარი კომპონენტი, როდესაც ეს გადაწყვეტილება პირადად მივიღე და გავასაჯაროვე". სალომე შაფაქიძე - საქართველოს ყოფილი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში: „15 წელზე მეტია საჯარო მოხელე ვარ, იმ დღიდან როდესაც საჯარო სექტორში მუშაობა დავიწყე, ორ მიმართულებაზე - ევროინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვმუშაობდი. მეამაყებოდა, რომ იმ თემაზე ვმუშაობდი, რომლის ირგვლივ იყო კონსოლიდაცია და ეს არ იყო, რომელიც პოლიტიკური პარტიის თემა, ეს ის თემა იყო, რომელზედაც სრულიად საზოგადოება თანხმდებოდა. ამის მე მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ეროვნული კოდი თუ გამოცდილება სრულ თანხვედრაშია იმ ფასეულობებთან, რაზედაც დღეს ევროკავშირი დგას. შესაბამისად, მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და თავად პროცესი გააძლიერებდა როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ისე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს და იქნებოდა სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც მოვლენები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა და ამას წერტილი დაუსვა 28 ნოემბრის განცხადებამ, იქ მივიღე გადაწყვეტილება. თქვენ ახსენეთ, რომ იყო რაღაც სირთულეების და გამოწვევები ამ გზაზე, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველთვის მქონდა პოზიტიური დღის წესრიგის შეტანის განცდა და იყო სივრცე მანევრირებისთვის და მუშაობისთვის, მაგრამ 28 ნოემბრის განცხადებით არათუ სივრცე შემცირდა, არამედ წერტილი დაესვა და არანაირი სივრცე არ არსებობდა შემდგომი მუშაობისა და თითოეული დიპლომატის მუშაობისთვის. შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება - ერთი მხრივ ძალიან რთული, მეორე მხრივ ძალიან მარტივი, მაგრამ ერთადერთი. ეს არ იყო ემოციებზე დამყარებული გადაწყვეტილება, მანამ ვემსახურეთ ქვეყანას, სანამ შეგვეძლო". დავით სოლომონია - საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში: "ჩემ შემთხვევაში, სანამ ვთვლი, რომ მცირე ზემოქმედება მოხდენა შემეძლო პროცესებზე, კეთილსინდისიერად ვასრულებდი მოვალეობას. თუმცა იმ წინააღმდეგობრივი ნაბიჯების შემდეგ, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მისამართით, სრულიად გაუმართლებელი რიტორიკა დაემატა, ამას შემდეგ ტენდენციური ხასიათი მიეცა და 28 ნოემბრის განცხადება ამ პროცესების კულმინაცია იყო, რამაც დაგვაშორა ჩვენ სტრატეგიული სამიზნე ამოცანასთან - ეს არის კონსტიტუციური გადახვევა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავდექით დაკავებული თანამდებობიდან. მთელი ჩემი სამუშაო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის დაკავშირებული და მე პროფესიულად აქ აღვიზარდე. მოწმე ვარ როგორ ჩამოყალიბდა ქართული დიპლომატიური აზრი და სამსახური. ეს ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის იყო სახლი და სამსახური. ეს სამინისტრო უფრო მეტია ვიდრე უწყება - ეს ერთი დიდი ოჯახია. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს, რადგან იქ, რა ფასეულოებები და პრინციპებია ჩამოყალიბებული ამ კრიტიკულ პერიოდში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მომცა". თეა მაისურაძე - საქართველოს ყოფილი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში: "ეს გადაწყვეტილება ყველამ თავისი პირადი და პროფესიული მორალიდან უნდა მიიღოს. 28 ნოემბრამდეც იყო გარკვეული ნიშნები და ცვლილებები, მათ შორის, საგარეო მიმართულებით, თუმცა როდესაც არის კითხვა - რატომ მანამდე არ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, პასუხი რაციონალურია - თითოეული ჩვენგანი პროფესიონალი კარიერული დიპლომატია, ათწლეულების განმავლობაში ვემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას და ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. თითოეულ ჩვენგანს მოკრძალებული წვლილი გვაქვს შეტანილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე რუსული აგრესიის და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ჩვენ ბოლომდე, სადამდეც ვხედავდით მინიმალურ სივრცესაც კი ჩვენი მოქმედებებისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და სასარგებლოდ, ვიყავით იქ და როდესაც ეს სივრცე სრულად ამოიწურა, შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ. შინაარსობრივად გადაწყვეტილება მარტივი იყო, რადგან ფაქტობრივი მოცემულობა თეთრი და შავი იყო და ჩემთვის პირადად, აქ დიდი საფიქრალი არ არის, თუმცა პირადად ჩემთვის ამ გადაწყვეტილებას ახლდა სირთულე. ძალიან რთულია ჩვენთვის დიპლომატებისთვის იმ პროცესების დანახვა, რაც საქართველოში ვითარდება და მიუღებელია ის რიტორიკა, რაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებთან მიმართებით გვესმის. ძალიან დაზიანებულია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, რაც ძალიან საგანგაშოა, რადგან ამას ექნება თავისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ". ავტორი: ექსპრესნიუსი, ანა დოლიძე - ბრიტანეთის სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხელის შემშლელი ბევრი რამისთვის იქნება
თემურ ჭყონია - თითქოს ყველაფერი კარგად იქნება და განცხადებები, რომ ვისაც კანონები და წესები არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდან, ძალიან შეურაცხმყოფელია
ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თეირანში ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს
|
რედაქტორის რჩევით
„ექსპრესნიუსის“ განცხადება, „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსის თავდასხმასთან დაკავშირებით
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
ომი უკრაინაშიტულასა და კალუგას რეგიონებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დრონებით თავდასხმის გამო ცეცხლი გაუჩნდა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
|