07:41 - 04 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-31 13:43:22, 571 ნახვა

2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში

როგორი იყო 2024 წელს შიდაპოლიტიკური ვითარება საქართველოში? რომელი მოვლენებით შევა ეს წელი ისტორიაში? გადავავლოთ თვალი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უკანასკნელ ერთ წელიწადს.

2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც შიდა და საერთაშორისო აღიარება არ აქვს და 28 ნოემბრის პრემიერ კობახიძის განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ექსპრესნიუსი’’ გთავაზობთ პოლიტიკურ მოვლენებს თვეების მიხედვით. ვნახოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ქვეყანაში.

თებერვალი

ქართულმა ოცნებამ პრემიერად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა კი, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ღარიბაშვილმა თვითონ მოისურვა გადადგომა, რა უნდა დავუწუნოთ, ნახეთ, როგორი კაცია".

ქართული ოცნების თანამშრომლობა ჩინეთთან ახალ ეტაპზე გადავიდა და სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებიდან რამდენიმე თვეში უვიზო მიმოსვლაც  დაწესდა. მმართველი გუნდი ფაქტს ისტორიულ მოვლენას უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ქართულ პასპორტს “მეტი ფასი დაედო”.

მარტი

მარტი „ოცნების“ მხრიდან ლგბტ უფლებებთან ბრძოლით გაგრძელდა, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილება დააინიცირა და აცხადებდა - “სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ლგბტ პროპაგანდის კანონს ბოლომდე მოივიყვანთ”.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასული ნიკა მელია და ნიკა გვარამია საარჩევნოდ გაერთიანდნენ. მელია ირწმუნებოდა, რომ კეზერაშვილის კვალი პარტიაში არ იქნებოდა და მათი ერთობა გამარჯვების ბაცილას შეიტანდა ყველა ოჯახში.

ივანიშვილის გამორჩეულად ანტიდასავლელი დეპუტატები პარტიად დაფუძნდნენ და ხალხის ძალა დაირქვეს. დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს.

აპრილი

ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად წარადგინა “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო კანონის პროექტი. გარდა ამისა, ოცნებამ დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა გირჩის ინიციატივას გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ.

იმავე თვეში, ქართულმა ოცნებამ ხელახლა დააინიცირა ერთი წლის წინ უკან წაღებული რუსული კანონი.

აპრილშივე სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, რუსული კანონის საპროტესტო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის იმავე დღეს შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა.

აპრილში დაიწყო პარლამენტმა ონლაინ მედიის ფაქტობრივი ცენზურა. შალვა პაპუაშვილმა სწორედ მაშინ დანერგა პრაქტიკა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება - ონლაინ მედიის წარმომადგენლებს არცერთ მნიშვნელოვან განხილვაზე აღარ უშვებენ. 

პარლამენტმა იმავე თვეში დაჩქარებულად მიიღო ე.წ ოფშორების შესახებ კანონი, რომელიც მიიჩნეოდა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და სწორედ ოცნების საპატიო თავმჯდომარეს სურდა, პოტენციური სანქციებისგან დასაცავად ქონების ნაწილი საქართველოში დაუბრკოლებლად გადმოეტანა.

მაისი

რუსული კანონის ხელახლა წარდგენის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც შსს-მ არაერთხელ დაარბია. იმავე დროს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა აშშ-ში პარტნიორობის განსახილველად წასვლაზე.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა და რუსული კანონი ძირს გამოუთხრიდა აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

საქართველოში ჩამოვიდა შშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო ბრაიენი. მას ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა, უარი მიიღო. ო ბრაიენის თქმით, პრემიერმა უთხრა, რომ ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების გამო არ შეხვდებოდა.

იმავე თვეში, რუსულ კანონთან დაკავშირებულ ერთერთ საპროტესტო აქციაზე ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდა, რაზეც მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს აისახებოდა ევროკავშირის იმიჯზე, ხოლო “ყველა განვითარებული ქვეყანა პანჩურებით გაყრიდა” მათ ქვეყნიდან.

მაისშივე, აშშ-ში ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა შეიმუშავა MEGOBARI Act - (საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი). კანონპროექტის მიხედვით, საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს. მათ შორის, განიხილება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. MEGOBARI აქტი ასევე მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. ქარტია ითვალისწინებდა ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებას, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას და ნდობის აღდგენას, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას.

ვნისი

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი შემცირდა სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

აშშ-ს სანქციების პოლიტიკა გაგრძელდა. შეერთებულმა შტატებმა რეჟიმის ათობით წარმომადგენელი და მათი ოჯახის წევრი დაასანქცირა. 

ძალაში შევიდა რუსული კანონი და ე.წ ოფშორების კანონი. NGO-ებს 60 დღის ვადაში რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ. ევროკავშირის ელჩმა პირველად თქვა, რომ ამ კანონმა საქართველოს ევროიენტაგრაცია გაყინა, მთავრობას 36-მა ქვეყანამ მოუწოდა, გაეუქმებინა კანონი.

9 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავამ შეცვალა. ხაბეიშვილი ირწმუნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გამო მიიღო და ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებდა.

15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ "ბუჩამდე იყო აფხაზეთი - არის ფილმის სახელი და დიახ, უკრაინაში ომამდე იყო ომი საქართველოში".

ივლისი

30 ივლისს ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ჰამასის ლიდერთან ერთად დაესწრო. 31 ივლისს კი, ცნობილი გახდა, რომ აშშ აჩერებდა $95-მილიონიან დახმარებას, რითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობდა.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა დანიამაც. ამ ფონზე, სამთავრობო მედიის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩანაწერი სისულელეა და "არ უნდა ჩაგვეწერა".

ივლისის თვეშივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეზე.

ივლისშივე საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სამი სარჩელი შევიდა - საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიცონერი დეპუტატების და NGO-ების. სამივე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

იმავე თვეში საარჩევნოდ გაერთიანდნენ ლელო, ანა დოლიძის პარტია, მოძრაობა თავისუფლების მოედანი და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები. ასევე, ახალი, დროა და გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის. ლიდერებმა განაცხადეს, რომ ლელოსთან ხედვებში “მცირე განსხვავებების” გამო შეთანხმება ვერ შედგა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება და ყოფილი ქართული ოცნება, ხალხის ძალად წოდებული ივანიშვილის დეპუტატები არჩევნებზე საერთო სიით გავიდოდნენ. 

ივლისის ბოლოს პარტია ,,ევროპული საქართველო’’ დაიშალა

აგვისტო

აგვისტოშიც გაგრძელდა აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პროცესი. ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომ აშშ-მ შეაჩერა $95-მილიონიანი დახმარება, რითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობდა, ქართული ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ ვერ გაარკვიეს, რა თანხა შეჩერდა და “ჩვენ არ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა”.

ცნობილი გახდა, რომ "რიგი პროექტები დაპაუზდა" ლუგარის ლაბორატორიაში.

აგვისტოს ომის 16 წლისთავზე სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილი მიიღო, სადაც ბაიდენი ამერიკელი ხალხის სახელით პატივისცემას გამოთქვამს "ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ".

სექტემბერი

მმართველი გუნდის განცხადებების პარალელურად, რომ მართლმადიდებლობა კონსტიტუციით განმტკიცდებოდა, როგორც თვითმყოფადობის საყრდენი, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ანტი ლგბტ კანონი მიიღო.

ასევე, სექტემბერში ამოქმედდა "უცხოელ აგენტებზე" რუსული კანონი

უკრაინამ საქართველოდან დროებითი რწმუნებული გაიწვია. უკრაინის საგარეოს ცნობით, მიხაილ ხარიშინის გაწვევა დაკავშირებულია რიგ კომპლექსურ მიზეზებთან, მათ შორის, ელჩების საქმიანობის გაძლიერების სურვილთან.

სექტემბერში თბილისში ჩამოვიდა ბუნდესტაგის დელეგაცია, რომელსაც ქართული ოცნება არ შეხვდა.

ქართულმა ოცნებამ წარადგინა საარჩევნო სია, რომლის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი, მეორე ნომერი კი, ირაკლი კობახიძე იყო. ქართული ოცნების 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.

ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის მთავარი და ფაქტობრივად ერთადერთი ნაწილი მოსახლეობის ომით დაშინება იყო. მათ 26 ოქტომბრის არჩევნები მონათლეს როგორც არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. “არა ომს, აირჩიე მშვიდობა” - ამ ლოზუნგით ოცნებამ ქალაქში საარჩევნო ბანერებიც გამოფინა, სადაც ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურა ჩანდა, ხოლო მეორე მხარეს კი - ქართული.

ე.წ მშვიდობის რიტორიკას თან სდევდა წინა ხელისუფლებისთვის აგვისტოს ომის დაწყების ბრალდებები. მეტიც, გორში, შუშის ბარიერიდან მიმართვისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". 

“რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება” - განაცხადა ივანიშვილმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა დამატებით 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს. ასევე, სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.

ერთ კვირაში ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79 - ე სესიაზე გაემგზავრა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს მიწვევა გაუუქმა, ხოლო საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე უარი თქვა.

16 სექტემბერს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან მდებარე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებულ გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ის შეიწყალა.

17 სექტემბერს პარლამენტმა ანტი ლგბტ კანონი და ამნისტიის კანონპროექტი მიიღო.

არჩევნებამდე 40 დღით ადრე პრეზიდენტმა გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია. რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. გახარია ირწმუნებოდა, რომ მათმა გუნდმა დათმო ყველაფერი, რის დათმობაც შეიძლებოდა, თუმცა, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. ხაზარაძის მტკიცებით კი, გახარიამ პრეზიდენტის წინ თქვა უარი შეთანხმებაზე.

 

ოქტომბერი

ამერიკამ არჩევნების თვეში ქარდების კამპანია დაიწყო. მათ შორის, საელჩოს გვერდზე ამერიკა ქართველებს რუკაზე უხსნიდა, სად უნდა მოიკითხოს ივანიშვილმა მისი მილიონები.  ასევე, პასუხობდა ისფედის მიმართ ქართული ოცნების "ცრუ განცხადებებს". კობახიძე აცხადებდა, რომ აშშ-ს საელჩო მანიპულაციებს მიმართავდა და ელჩს მოუწოდებდა, ქარდებს ჩაღრმავებოდა.

ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო მტკიცება, რომ ქართული ოცნება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს პირადობებს ართმევდა. ანა წითლიძემ კონკრეტული პირებიც დაასახელა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ინფორმაცია უარყო.

7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რადგან ის ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.

9 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო ხუთი პარტიის წარდგენილი საერთო რეზოლუცია, რომელშიც ევროპარლამენტარებმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატეს, მტკიცედ დაგმეს რუსული კანონისა და ანტი-ლგბტ კანონის მიღება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები.

26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები გაიმართა. დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები წერდნენ ძალადობის და ოპოზიციურ დამკვირვებლებზე თავდასხმის ფაქტებზე. ასევე, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია ბიულეტენების ჩაყრისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებზე. საღამის რვა საათზე სამი ეგზიტპოლის შედეგი გამოქვეყნდა. სამთავრობო ეგზიტპოლით ქართულმა ოცნებამ ხმების 56.1% მიიღო, რაც ფორმულას და მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებთან შედარებით, 14-16%-იანი სხვაობა იყო. ცესკოს გამოქვეყნებული მონაცემები TV იმედის ეგზიტპოლს ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით სრულად დაემთხვა - გიორგი კალანდარიშვილმა ქართული ოცნება 53.93%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა. ივანიშვილის რეჟიმს არჩევნებში გამარჯვება უნგრეთის პრეზიდენტმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცა. ის მეორე დღეს თბილისსაც ეწვია.

ცესკოს გამოქვეყნებული შედეგებით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი დაკარგა და გვარამია/მელია/ჯაფარიძე/ხოშტარიას კოალიციას გადაულოცა.

არჩევნების შედეგები არ აღიარეს ბარიერგადალახულმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, ცესკოს გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავდა ხალხის ნებას. პრეზიდენტის თქმით, არჩევნები არ შედგა და ეს იყო ტოტალური გაყალბება. მან პარტნიორებს მოუწოდა, დაუდგნენ გვერდით მოსახლეობას. ზურაბიშვილმა აქციაც დაააანონსა და მოსახლეობას მისვლისკენ მოუწოდა. აქციაზე ოპოზიციამ ახალი არჩევნები მოითხოვა. რომელიც საერთაშორისო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს. პარტიები შეთანხმდნენ, რომ არ აღიარებდნენ არჩევნებს და არ შევიდოდნენ პარლამენტში.

30 ოქტომბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის მიერ გასული წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების, განსაკუთრებით უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების გამო ამჟამად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტოდ შეჩერებულია.

ნოემბერი

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ლიდერების მტკიცებით, "ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება", ნოემბერი ის თვეა, როცა ქართულმა ოცნებამ უკვე თავადვე, ოფიციალურად შეაჩერა ოთხი წლით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა. 

თვე არჩევნების შედეგების გაპროტესტებით და სასამართლოებით დაიწყო. საიას სარჩელი, გაებათილებინა შედეგები, რადგან მარკერის გაჟონვის გამო დაირღვა ხმის ფარულობა, ხოლოდ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა. თუმცა, სააპელაციომ მისი გადაწყვეტილებაც გააუქმა.

სამი ოპოზიციური პარტია წინააღმდეგობის მსვლელობებზე შეთანხმდა და განაცხადა, რომ ყოველდღე ექნებოდათ მსვლელობები. პარალელურად, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ კარვების შეგროვება დაიწყო.

მათგან დამოუკიდებლად სხვადასხვა უნივერსიტეტში დაიწყო სტუდენტების პროტესტი. სტუდენტები პროტესტის ნიშნად შენობაში დარჩენას ცდილობდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათ ეს უფლება ეზღუდებოდათ.

გერმანიამ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკის გამო, რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტი გააუქმა. ასევე, აშშ-ში "ქართველი ხალხის აქტის" ორპარტიულ კანონპროექტს კიდევ 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ შეწყვეტდნენ დახმარების პროგრამებს, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან მიდის. მისი ცნობით, გაიყინება 100 მილიონ ევროზე მეტი და მთავრობის ნაცვლად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიეწოდება.

ასევე, 18 ნოემბერს ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ  ევროკავშირის ტექნიკური მისია საქართველოში ჩამოვიდოდა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებს შეისწავლიდა. ამას ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ “ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი”.

პრეზიდენტმა ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა. მმართველი გუნდი წინასწარ და "დაზუსტებით" ამბობდა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების "შანსი არ იყო".

არასამთავრობო ორგანიზაციების და კონსტიტუციონალისტების შეფასებით, სარჩელის ფონზე პარლამენტის პირველი სხდომა კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა, თუმცა, 25 ნოემბერს მაინც გაიმართა პირველი სხდომა, სადაც ელჩები არ მიუწვევიათ. ერთპარტიულმა პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილება ცნო. ამის შემდეგ, ცესკომ სამი ოპოზიციური კოალიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათი საარჩევნო სიები გააუქმა. მეოთხე პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მანდატებს დატოვებენ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩათვლიდნენ საჭიროდ. მოგვიანებით, 3 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის და ოპოზიციის სარჩელები განსახილველად საერთოდ არ მიიღო.

26 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან მრავალი ნაწარმოები ამოიღეს, მათ შორის, სრულად ამოიღებულია რამდენიმე მწერლის შემოქმედება - ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, პოლიკარპე კაკაბაძის, პაოლო იაშვილის. განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი პროგრამა დაეფუძნა მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას.

ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ასევე, ქართული ოცნების განცხადებით, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ "ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან". ამას წინ უძღოდა გასულ საღამოს შალვა პაპუაშვილის ინტერვიუ, სადაც თქვა - "დღეს რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ჩათვალეთ, ღვინის სექტორი ჩამოინგრევა”.

ივანიშვილის რეჟიმის განცხადების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. რუსთაველის გამზირზე დღეების განმავლობაში აკავებდნენ და სასტიკად სცემდნენ მოქალაქეებს. მათ შორის ჟურნალისტებს. პარლამენტმა განუსაზღვრელი ვადით უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედა, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის 48 ოთახი და კაფეტერია.

აქციების პარალელურად, საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა პროევროპული განცხადებები გაავრცელეს. სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები ხელს აწერდნენ პეტიციებს, რომლითაც გმობდნენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და ერთგული რჩებოდნენ ევროინტეგრაციის კურსისადმი. მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, თბილისის მერიის თანამშრომლები. ასევე გადადგნენ ბულგარეთსა და ნიდერლანდებში საქართველოს ელჩები. 

დეკემბერი

პროევროპული აქციები და მათი მონაწილეების დარბევა გრძელდება. დაკავებულები საუბრობენ წამების ფაქტებზე. სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 500 დაკავებულიდან 300-ზე მეტს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა. საიას თავმჯდომარის თქმით, დაკავებულთა ნაწილი აწამეს. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს ხაზი გაუსვა ომბუდსმენმაც და თქვა, რომ აქციის დაშლა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ხდებოდა. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამებად კვალიფიცირდება. 

გარდა ამისა, დაკავებულების ნაწილი ამბობს, რომ მათ საპოლიციო ძალებმა პირადი ნივთები წაართვა და აღარ დაუბრუნა. ამას შსს უარყოფს, თუმცა, მოქალაქეები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები წერენ ჩამორთმეულ ტექნიკასა და ნივთებზე.

პარალელურად, ოცნების მაღალჩინოსნები ემუქრებიან საჯარო მოხელეებს, რომლებმაც მათი ანტიევროპული განცხადება დაგმეს. თბილისის მერმა რეორგანიზაცია დააანონსა და თქვა, რომ პეტიცია "ლუსტრაცია" იქნება. დეკემბერშივე გავრცელდა არაერთი ინფორმაცია თანამშრომლების გათავისუფლებაზე მათი თანამდებობის გაუქმების საბაბით. ასევე, ოცნებამ საჯარო სექტორის წმენდისთვის კანონი მიიღო და მას გაჯანსაღება დაარქვა.

3 დეკემბერს გადადგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი. მან რამდენიმე დღის წინ საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა. შაიშმელაშვილმა წასვლამდე TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ "დღეს რაც ხდება, რუსეთის მიერ აგრესიულად წარმოებული ჰიბრიდული ომია".  მან ასევე თქვა, რომ პოსტის დატოვების შემდეგ "იყო [ფიზიკური ანგარიშსწორება], ვიჩხუბეთ. სამწუხაროდ არ დამთავრდა ამით, მოჰყვა ზარები. რომ ჩავრთე ტელეფონი, თუკი ვინმე შეიძლებოდა ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა, პირდაპირი და ირიბი მუქარებით. შვილებზე, განსაკუთრებით".
 

დეკემბერში საპროტესტო აქციების პარალელურად, გაიფიცა თეატრების, სკოლების და უნივერსიტეტების ნაწილი. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მას და იმავე ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. პარალელურად ივანიშვილის პრემიერმა კანვასის ტრენინგები მოიყვანა მაგალითად და თქვა, რომ “ხელოვანები წინა პლანზე ჰყავთ რევოლუციურ პროცესში”.

2 500-მდე კომპანია თავისუფალი ბიზნესის მხარდამჭერ პლატფორმას შეუერთდა და საერთო განცხადებით ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მათი შეფასებით, არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. ამ ფონზე, ირაკლი კობახიძე დაახლოებით 100 ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა, უმეტესად თავის მხარდამჭერებს და მზადყოფნა გამოთქვა, მეორე შეხვედრაც დანიშნოს, სადაც უფრო მეტად კრიტიკულად განწყობილი კომპანიები იქნებიან. 

ამავე თვეში, კოალიცია ცვლილებებისთვის ოფისში ტიტუშკებმა რამდენიმე ადამიანს სცემეს. მოგვიანებით, ოფისის ჩხრეკისას წინააღმდეგობისთვის დააკავეს ნიკა გვარამია და მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ასევე გაჩხრიკეს ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია და ჯგუფ დაიტოვეს ერთერთი ორგანიზატორის ოფისი.

დევნის ბრალდებით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს. ის ერთი კვირის შემდეგ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოთი გაათავისუფლეს.

სანქციები დაუწესდათ ოცნების მაღალჩინოსნებს. ჯერ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ ივანიშვილს, გომელაურს, სირაძეს და სხვებს. შემდეგ ოცნების რეჟიმი უკრაინამ დაასანქცირა. ასევე, აშშ-მ ქართული ოცნების 20-მდე მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. რამდენიმე დღეში, ბალტიის ქვეყნებმა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს - შეზღუდვები დამატებით ათზე მეტ პოლიტიკოსს დაუწესდა. ამას დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს ხაზინის აქციები მოჰყვა - ბრიტანეთმა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის შსს-ის მაღალჩინოსნები დაასანქცირა, მათ შორის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. იმავე დღეს, აშშ-ს ხაზინამ მაგნიტსკის აქტით გომელაური და კეზევაძე დაასანქცირა. კობახიძემ სანქცირებული გომელაური ვიცეპრემიერად დანიშნა და განაცხადა, რომ შსს-ს 11 წარმომადგენელს ღირსების ორდენით დააჯილდოებენ, მათ შორის სანქცირებულებსაც. 

27 დეკემბერს აშშ-მ ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესა ფინანსური სანქციები. თუმცა, ივანიშვილის მთავრობის განცხადებებით, არაფერი შეცვლილა და მათი საპატიო თავმჯდომარე აქამდეც დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.

ოცნების რიტორიკას, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა და საქართველო-აშშ-ს შორის გადატვირთვა მოხდებოდა, ბზარი გაუჩნდა. ივანიშვილის რეჟიმმა დონალდ ტრამპთან "დალაგების" ნარატივის კორექტირება და მოლოდინების კონტროლი დაიწყო.

დეკემბერშივე ცნობილი გახდა, რომ ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოს შესახებ ვენის მექანიზმი გაააქტიურა. ხოლო ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადება წარადგინა, რაც ქართულმა ოცნებამ ანტიქართულ ნაბიჯად შეაფასა. გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა შეაჩერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შეზღუდა და ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ჩართულობა შეამცირა. ასევე, გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. 17-მა სახელმწიფომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რეპრესიული ტაქტიკები შეწყვიტოს.

8 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პარიზში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ასევე, ბიზნესმენ ელონ მასკს შეხვდა. მისი თქმით, ტრამპთან და მაკრონთან სიღრმისეული დისკუსია ჰქონდა, ამხილა “მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესია ქართველი ხალხის წინააღმდეგ”.

11 დეკემბერს ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა. ქართული ოცნების ცნობით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. ელისეის სასახლის ინფორმაციით, მაკრონმა მოითხოვა ყველა დაპატიმრებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა ივანიშვილს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ. ქართული ოცნების გავრცელებული განცხადებით კი, მაკრონმა აღნიშნა, რომ “წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო” და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.

14 დეკემბერს ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. მას ლუკაშენკომ, ალიევმა, ფაშინიანმა, ვუჩიჩმა და ე&


ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაიკლ ჯონსონი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ხელახლა აირჩიეს
ბუდუ ზივზივაძე - მოუთმენლად ველი ჩემპიონატის დაწყებას
კონგრესმენები კონოლი და ტერნერი განცხადებას ავრცელებენ და ივანიშვილის სანქცირებას მიესალმებიან
კონგრესში წარადგენენ “ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების” აქტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics