|
2024-12-21 16:14:13, 413 ნახვა
პოლიტიკა
სადამკვირვებლო ორგანიზაციები - ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ ერთი საფუძველია საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების
ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ უმძიმეს დასკვნასთან დაკავშირებით მესამე სექტორში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს „უკიდურესად კრიტიკული“ უწოდა და როგორც ISFED-ის, ასევე „ჩემი ხმისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახელით განაცხადა, რომ დასკვნა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიების მიგნებებთან თანხვედრაშია. „ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადება ეუთო/ოდირის არჩევნების შეფასების საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით სადამკვირვებლო ორგანიზაციები ვეხმიანებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩევნების შეფასებები თანხვედრაშია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნებზე გაკეთებულ ძირითად მიგნებებთან და შეფასებებთან. აღნიშნული დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი და, რიგ შემთხვევაში, დაჩქარებული წესით ცვლილება, რომელიც ეჭვს აჩენს მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გაუარესება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. წინასაარჩევნო პერიოდში წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და „ქართული ოცნების“ ფინანსური უპირატესობით სარგებლობა. ასევე, ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, რის საფუძველზეც, შესაძლოა, ზოგიერთმა ამომრჩეველმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი და ხმა ვერ მისცა შიშის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის მიხედვით, პროცედურულ-ტექნიკურად არჩევნების დღე ძირითადად ორგანიზებული იყო, იგი გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართომასშტაბიანი შემთხვევების გამო. ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათი აღრიცხვა, ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ხორციელდებოდა. მრავალ საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა გადატვირთულობა, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებისა და დაშინების ფაქტებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აწარმოებდნენ საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებას, რამაც შესაძლოა, დამაშინებელი ეფექტი იქონია ამომრჩევლებზე. უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამომრჩეველთა მიერ საჩივრის შეტანის უფლების შეზღუდვის, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენებისას პრაქტიკული შეუსაბამობების გამო. საარჩევნო დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევებში არსებითი განხილვის გარეშე. საერთო ჯამში, პოსტ-სარჩევნო დავების განხილვამ საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოებში, ძირი გამოუთხარა გასაჩივრების პროცესის უფლებას, ვერ უზრუნველყო ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება და სრულყოფილად არ უპასუხა ფართედ გავრცელებულ წუხილებს არჩევნების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით. საარჩევნო პერიოდში დაბალი იყო ნდობა სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს მიმართ, პოლიტიკურად სენსიტიური საკითხების ეფექტურად და მიუკერძოებლად განხილვის თვალსაზრისით. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია არჩევნების შემდგომ პერიოდში „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეთა პროტესტი, რასაც მოჰყვა, შეკრებების იძულებით ჩახშობის მცდელობა, დემონსტრანტების მასობრივი დაკავება, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მეთოდების პრევენეციისთვის, ეუთო/ოდირი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას და ცნობას. ის აფასებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებების შესრულებას არჩევნებთან მიმართებით. ეს კი შესაძლებლობას აძლევს ქართველ ხალხს, თავად შეაფასოს არჩევნების ჩატარების ხარისხი. ამავე დროს, ოდირი წარმოადგენს საკუთარ რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესების სამომავლო გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)