06:07 - 23 Jun, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 20:52:33, 446 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ​“ კანონის ამჟამინდელი ფორმით გააუქმებას ურჩევს

ვენეციის კომისია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით 24 გვერდიან დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით.

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებას ურჩევს.

ამასთან, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას რეგისტრაციის, მოხსენებისა და საჯარო გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვის და უცხოური მხარდაჭერის მქონე მაუწყებლებისთვის, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე.

„ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია  ადამიანის უფლებების მიმართ,  ასევე ძალიან სადავოა ქართულ საზოგადოებაში, რაზეც მეტყველებს ქვეყანაში მასიური რეაქციები, მიღებულ იქნა პროცედურით, რომელიც არ ტოვებს სივრცეს გულწრფელი დისკუსიებისა და არსებითი კონსულტაციებისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების ღიად უგულვებელყოფით.  ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ 2023 წლის ანალოგიურ კანონპროექტზე გამოხმაურებამ აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, წარმოიქმნა აშკარა აუცილებლობა  ჩატარებული  მნიშვნელოვანი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან,  რომელთაც ეხებათ ეს კანონი, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებსა და  ტელევიზიებთან. წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს.

ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით,  შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  მკაცრ კრიტერიუმებთან,  რომლებიც გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის   მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტსა  და  სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 17(2), მე-19(2) და 22(2) მუხლებში,  რამდენადაც ისინი არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს , ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, რომელიც გაწერილია ECHR-ის მე-14 მუხლში.

კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად განსაზღვრას სერიოზული შედეგები მოჰყვება, რამდენადაც, ეს ძირს უთხრის ამ სამიზნე ორგანიზაციების  ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ საქმიანობას.   რეგისტრაციის ტვირთისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნების ერთობლივი გავლენა (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება), რაც ზღუდავს სტიგმატიზებული ასოციაციებისთვის დაფინანსების წყაროების შესაძლებლობებს,  მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან ერთად, რაც მათ შეიძლება დაეკისროს და მუდმივი ზედამხედველობა, უდავოდ გაართულებს და საფრთხეს უქმნის შესაბამისი ორგანიზაციების ეფექტურ მუშაობას და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზების ხელშემწყობი დაბრკოლებები შემაკავებელ ეფექტს ქმნის.

კანონი, რომელიც თითქოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზეა მიმართული,  ასოციაციებსა და მედიას რომლებიც თუნდაც დაფინანსების  უმნიშვნელო სახსრებს საზღვარგარეთიდან იღებენ სტიგმატიზიციის, გაჩუმებისა და საბოლოოდ ელიმინაციის ობიექტური რისკის ქვეშ აყენებს.  იქმნება ძლიერი რისკი იმისა, რომ დაზარალდება ის ასოციაციები და მედიები, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას, და მათი აღმოფხვრა უარყოფითად იმოქმედებს ღიაობაზე, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას სპეციალური რეგისტრაციის იმ ფორმაზე , ანგარიშვალდებულებასა და  ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნებზე , მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე,   უცხოეთიდან დახმარების მიმღები  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და ტელევიზიებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს პირობებს, რომლებიც  ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და წარადგინონ მათი დაფინანსების წყაროები, არ გაკეთებულა დამაჯერებელი ახსნა თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები არასაკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თუკი, არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა განეხილა არსებულ კანონში  ცვლილებების შეტანა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით.  კერძოდ,  უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური საქმიანობა შესაძლოა დარეგულირებული ყოფილიყო ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არასაკმარისი აღმოჩნდებოდა.

დასასრულს, ვენეციის კომისია მტკიცე რეკომენდაციას აძლევს  კანონის არსებული ფორმით გაუქმების შესახებ, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლებებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე , საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე , ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე.  საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმზე და დემოკრატიაზე. ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და  საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში  შემდგომი დახმარების კუთხით“, - ნათქვამია შეფასებაში.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მოსაზრების მომზადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სთხოვა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი მიქაუტაძის გოლით საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ დაწინაურდა - პირველი ტაიმი დაისრულდა
პროკურატურის ანონსი
ჩიხლაძე - ALDE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც EU-ს ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, დასანქცირდნენ ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები
ქალაქ ღაზაში ისრაელის თავდასხმას, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics