|
2023-12-13 15:54:04, 815 ნახვა
მსოფლიო
კუბილიუსი ორბანს - თქვენ ვერ მოუგებთ მთელ ევროპას და ვერ მოუგებთ უკრაინას
თქვენ ვერ მოუგებთ მთელ ევროპას და ვერ მოუგებთ უკრაინას, - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ საგანგებო რეზოლუცია უნდა მიიღონ. კუბილიუსის თქმით, თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, "ის მთელს ევროპას უღალატებს". "პოზიტიური გადაწყვეტილება გაფართოებასა და უკრაინის თაობაზე, რომელიც ხვალ მიიღება, შეცვლის მთელი ევროპის კონტინენტის ისტორიას. მაგრამ თუ ვიქტორ ორბანი გადაწყვეტს, ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ღალატი. ის უღალატებს უკრაინელებს, რომლებიც კვდებიან საკუთარი ქვეყნისა და მთელი ევროპის დაცვისას; ის უღალატებს უკრაინაში მცხოვრებ უნგრულ უმცირესობას, რომელიც გაერთიანდა და თხოვნით მიმართა ორბანს, მხარი დაუჭიროს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას; ის უღალატებს დასავლეთ ბალკანეთს, რადგან უკრაინა ახლა ყინულმჭრელის როლს თამაშობს გაფართოების პროცესში, რომელიც ბოლო წლებში ისტორიულ სტაგნაციას განიცდის და ამის პირველი მსხვერპლი სწორედ დასავლეთ ბალკანეთია; ის უღალატებს მთელ ევროპას. არ არის სასიამოვნო, როდესაც ღალატის მომსწრე ხდები, მაგრამ ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. მისტერ ორბან, თქვენ ვერ მოუგებთ მთელ ევროპას და ვერ მოუგებთ უკრაინას", - განაცხადა კუბილიუსმა. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ წერილით მიმართა. წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით". 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. 5 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიის გასაგრძელებლად დაბრუნდა. 6 დეკემბერს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა. აღნიშნულის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა". მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მცირეხნიანი საუბარი შედგა. ზელენსკის განცხადებით, ვიქტორ ორბანს "გულწრფელად ესაუბრა", საუბარი კი "ევროპულ საქმეებს" ეხებოდა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)