|
2023-09-20 17:03:59, 699 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ნათია თურნავა უნდა გადადგეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დროა, სებ-ის საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და ზედამხედველობის ფუნქცია განახორციელოს, რადგან მისი თქმით, სწორედ საბჭოს ზედამხედველობით არის შესაძლებელი, რომ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს. "საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტიაა და ეკონომიკის მდგრადობის ქვაკუთხედია. მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძვნება საქართველოს ბანკის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა. ეს პრინციპი დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ჩემი, როგორც კონსტიტუციის გარანტის მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა. სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ მუქარას და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად. ეს იყო ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება საბჭოს ყველა წევრის გვერდის ავლით. არც კონსულტაცია ჩატარებულა და არც მათი წინასწარ ინფორმირება. ამას ადასტურებს დღევანდელი გადადგომების მთელი რიგი... ამ მოვლენების შედეგად, გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე იქნა მიყენებული სებ-ის, მაშასადამე, ქვეყნის მიმართ. და სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა, ეზრუნა ბანკის დამოუკიდებლობაზე, მის რეპუტაციასა და ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე... პირადად ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატი - ნათია თურნავა და მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და თუნდაც, ბოდიშს ვიხდი ამისთვის... პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს. დროა, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება",- განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა. ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და გუშინ, 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა, მესამე ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. თანამდებობა დატოვა ასევე სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც. დღეს, 20 სექტემბერს "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკში" განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)