|
2023-08-07 11:12:28, 764 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. "რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 439 ადამიანი მათგან, 1 935 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 504 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. განსაკუთრებით ყურადსაღებია, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული უკანონო პატიმრობები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 9 მოქალაქე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით, გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ეს უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია და სხვადასხვა უფლებების შელახვა. აღნიშნულთა შორისაა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, დე ფაქტო დოკუმენტაციის გაცემის შეზღუდვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ჯანდაცვის სერვისებზე და სხვა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II , რომლითაც სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება , რომლითაც რუსეთის ფედერაციას სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში საქართველოსთვის თანხის გადახდა დაეკისრა",- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)