|
2023-06-21 13:13:39, 934 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით ორგანიზებულ რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს
საქართველოს პროკურატურა დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) მიერ ევროკავშირის დაფინანსებით ორგანიზებულ რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. აღნიშნული ღონისძიება დანაშაულებრივი ქონების მოძიების, ჩამორთმევის, მართვის, საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებს შეეხება. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგიონალურ სამუშაო შეხვედრაში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინის, ლიბიის პროკურატურების და სხვა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ და მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტს ღონისძიების ორგანიზებისთვის. „საქართველოს პროკურატურისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს ამ ღონისძიებას. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისთვის. ტრანსნაციონალური და კომპლექსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო და უწყებათაშორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და ამ რეგიონალური სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებული ცოდნა დადებით გავლენას მოახდენს დანაშაულებრივი ქონების მოძიების, ჩამორთმევისა და მართვის, ასევე საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდაზე", - განაცხადა ბაკურ აბულაძემ. შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის უფროსმა სამართლებრივმა ოფიცერმა ჯეიმს შოუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა რადიცა ნუსდორფერმა. მათ ხაზი გაუსვეს დანაშაულებრივი ქონების მოძიების, ჩამორთმევის, მართვისა და საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს პროკურატურის, მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის, გერმანიის პროკურატურის, უკრაინის უმაღლესი ანტი-კორუფციული სასამართლოსა და ეროვნული ანტი-კორუფციული ბიუროს, ევროჯასტის, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ბლოკჩეინის მონაცემთა პლატფორმა Chainalysis-ის, ვირტუალური აქტივების მომსახურების საერთაშორისო პროვაიდერებისა - Binance/Coinbase და გარემოსა და ეკონომიკური სამართლიანობის აფრიკული ქსელის (ANEEJ) გამოცდილებას. დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რეგიონალური სამუშაო შეხვედრა სამი დღე გაგრძელდება და განსაკუთრებული აქცენტით ვირტუალური აქტივების ამოღების საკითხის განხილვით დასრულდება.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)