|
2023-05-30 15:25:44, 604 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე დემარშზე - უსაფუძვლო შიშებით თუ წუხილებითაა გამოწვეული - ალბათ, მომავალი გაგვცემს პასუხს
უსაფუძვლო შიშებით თუ წუხილებით არის გამოწვეული, ალბათ მომავალი გაგვცემს პასუხს,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს მიმართ, ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ გამოცხადებულ დემარშს. მდინარაძის თქმით, არასწორი იყო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენას საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა. "ჩვენ გვახსოვს ასეთი დემარში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც, გახსოვთ ალბათ ეს თქვენ, და მაშინ აღმოჩნდა, რომ ეს დემარში იყო უსაფუძვლო და ამას პირდაპირი და მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. ამ დემარშზე, რომელიც ასევე უსაფუძვლო შიშებით თუ წუხილებით არის გამოწვეული, ალბათ მომავალი გაგვცემს პასუხს, იმიტომ, რომ ასეთი ქეისები უკვე სტრასბურგში არ განიხილება, იმ დემარშზე სტრასბურგმა თავისი პრინციპული პასუხი გასცა. არასწორი შეფასება მოვლენების და ერთი ძალიან სამწუხარო ამბავი, რომ დიახ, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩმა თავისი განცხადების პირველ ნაწილში თქვა, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, ფრენების აღდგენა, მაგრამ მეორე ნაწილში არასწორი იყო ინფორმაცია, რომ ამას სჭირდებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობა",- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ 29 მაისს, ევროკავშირის 27-მა ქვეყნამ საქართველოს მთავრობას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ერთობლივი დემარში გამოუცხადა. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთთან ფრენების აღდგნის გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას ეწინააღმდეგება. მიმდინარე წლის 10 მაისს, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა. 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)